LIVE

მოსკოვში საბავშვო წიგნების ფორუმი იმართება, რომელშიც საქართველოდანაც მონაწილეობენ

30 აგვ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
მოსკოვში საბავშვო წიგნების ფორუმი იმართება, რომელშიც საქართველოდანაც მონაწილეობენ

დღეიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, მოსკოვში ბავშვთა და მოზარდთა წიგნების საერთაშორისო ფორუმი იმართება.

ღონისძიებას, სახელწოდებით "საბავშვო ლიტერატურის ენაზე: თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროში", პროგრამის მიხედვით, მონაწილეები საქართველოდანაც ჰყავს. ისინი კულტურის ცენტრ "აზბუკას" წარმომადგენლები, ნინო ჯაფარიძე და ნანა ხოტივრიშვილი არიან

azbuka.ge-ს თანახმად, "აზბუკა" რუსული ენის ცენტრია. მის მისამართად მითითებულია თბილისი, ბესიკის 4. 

"ჩვენი მთავარი მიზანია რუსული ენის გავრცელება. ცენტრი ორგანიზებას უწევს ენის კურსებს ჯგუფში ან ინდივიდუალურ ონლაინ-მეცადინეობებს, აგრეთვე ღონისძიებებს, კონკურსებსა და მასტერკლასებს", - ნათქვამია ვებგვერდზე. 

ცენტრს პარტნიორებად მითითებული ჰყავს გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია და რუსეთის ეროვნული კონტაქტ-ცენტრების საერთაშორისო ოპერატორი. 

რუსეთის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ფორუმს დაესწრებიან საბავშვო მწერლები, ილუსტრატორები, საბავშვო წიგნების დიზაინერები, ბიბლიოთეკარები, საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სპეციალისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან. პროგრამა ეძღვნება საბავშვო ლიტერატურას, თარგმანს, ილუსტრაციას და წიგნის დიზაინს, ასევე რუსული ენის როლს, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის საფუძველს. გამომსვლელები თანამეგობრობის ქვეყნებიდან და საქართველოდან ერთმანეთს გაუზიარებენ ყველაზე საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებს და პრაქტიკას საბავშვო და ახალგაზრდული კითხვის სფეროში.