LIVE

თქვენი საპენსიო დანაზოგი სამ პორტფელში ინვესტირდება - არჩევას 7 სექტემბრამდე შეძლებთ

08 აგვ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1188
თქვენი საპენსიო დანაზოგი სამ პორტფელში ინვესტირდება - არჩევას 7 სექტემბრამდე შეძლებთ

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებიდან 5 წლის თავზე, დანაზოგების ინვესტირება ნაკლებადრისკიანთან ერთად, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებშიც შესაძლებელი გახდა. სიახლეა ისიც, რომ მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგი.

კერძოდ, 6 აგვისტოდან საპენსიო სქემაში ჩართულ 1 252 000 ადამიანს, რომელთა ხელფასის 2% ყოველთვიურად საპენსიო ფონდში ირიცხება, შეუძლია არჩევანი ნაკლებადრისკიან, მაღალრისკიან და საშუალორიკიან პორტფელებს შორის გააკეთოს. გადაწყვეტილების მისაღებად მათ ერთი თვე აქვთ (6 სექტემბრის ჩათვლით).

გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო რისკიანია საპენსიო ინვესტიციები, მით უფრო მაღალია შემოსავლები, თუმცა რისკიანობის ზრდასთან ერთად, მატულობს საპენსიო დანაზოგების დაკარგვის რისკებიც. სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ საპენსიო დანაზოგების წარმატებულ ინვესტირებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი იქნება თანხა, რომელსაც საპენსიო ასაკის მიღწევისას მიიღებთ.

„ბიზნეს ფორმულა“ გთავაზობთ ინფორმაციას, როგორ უნდა გაკეთოთ არჩევანი და რა სხვაობაა საინვესტიციო პორტფელებს შორის.

როგორ უნდა მოიქცეთ საინვესტიციო პორტფელის ასარჩევად - ინსტრუქცია

6 აგვისტოდან, გარდა ნაკლებადრისკიანი პორტფელისა, საპენსიო სქემაში ჩართული მოქალაქეების პირად გვერდზე გამოჩნდა საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები.

სასურველი საინვესტიციო პორტფელის ან პორტფელების კომბინაციის არჩევისთვის შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ საპენსიო სააგენტოს (ანა პოლიტკოვსკაიას N14-ში მდებარე საპენსიო სააგენტოს ოფისში ან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში). ამას გარდა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ, პირადი ელექტრონული გვერდიდან (my.pensions.ge). თუ უკვე არ ხართ რეგისტრირებული პირად საპენსიო გვერდზე, რეგისტრაციის გასავლელად პირადი ნომერი და დროებითი პაროლი დაგჭირდებათ, რომელსაც დამსაქმებლისგან მიიღებთ.

როდესაც დააფიქსირებთ, რომელ პორტფელში ან პორტფელების კომბინაციაში გსურთ საკუთარი დანაზოგის ინვესტირება, მომდევნო 1 წელი სწორედ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დაბანდდება თქვენი საპენსიო დანაზოგი. პორტფელებს შორის არჩევანის ხელახლა გაკეთებას კი 12 თვეში ერთხელ შეძლებთ.

რა მოხდება თუ არც ერთ პორტფელს აირჩევთ?

ასეთ შემთხვევაში ავტომატურად მოხვდებით იმ პორტფელში, რომელიც ასაკის შესაბამისადაა განსაზღვრული:

• იმ ადამიანების საპენსიო დანაზოგი, რომლებიც სქემაში გაწევრიანების მომენტისთვის 40 წლამდე ასაკის იყვნენ, გადანაწილდება მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში;
• 40-დან 50 წლამდე მონაწილის - საშუალორისკიან პორტფელში;
• ხოლო 50 წლის ან მეტი ასაკის მონაწილის - ნაკლებადრისკიანში.

რა განსხვავებაა პორტფელებს შორის?

სამ პორტფელს, რომელთა არჩევაც შეგიძლიათ, ერთმანეთისგან ძირითადად რისკის ხარისხი და ის შემოსავალი განასხვავებს, რომელსაც დაბალ, საშუალო თუ მაღალ რისკზე წასვლის სანაცვლოდ მიიღებთ.

ასე მაგალითად, ნაკლებადრისკიან პორტფელს სტაბილური უკუგება აქვს, რამდენადაც დანაზოგები ინვესტირდება საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში. მცირე დოზით დასაშვებია ინვესტირება უცხოურ ვალუტასა ($,€) და გლობალურ აქციებშიც. გასული 5 წლის განმავლობაში სწორედ ასეთ პორტფელში იყო ინვესტირებული საპენსიო დანაზოგი. რაც შეეხება შედეგებს, საპენსიო ფონდში 31 ივლისი მდგომარეობით, ჯამში 3.8 მილიარდი ლარია, საიდანაც ინვესტირების შედეგად უკუგების სახით მიღებული თანხა, ანუ წმინდა ამონაგები 680 მილიონი ლარია. ეს პორტფელი მათთვისაა შესაფერისი, ვისაც არ უყვარს რისკის აღება და მეტ სიფრთხილეს არჩევს.

საპირისპიროდ, მაღალრისკიან პორტფელში დანაზოგები უმეტესად ინვესტირდება უცხოურ ვალუტასა და გლობალურ აქციებში. დასაშვებია ინვესტირება დეპოზიტებსა და ობლიგაციებშიც, თუმცა შედარებით მცირე წილით. ამ პორტფელს გრძელ ვადაში მაღალი მომგებიანობა ახასიათებს, თუმცა აქციების ფასების მუდმივი ცვალებადობის გამო, მაღალია რისკებიც. თუ გრძელვადიან პერიოდში მაღალი მოგების მიღების მიზნით რისკის აღება გსურთ, აღნიშნული პორტფელი შესაფერისია.

საშუალორისკიანი პორტფელი კი ნაკლებადრისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელების ნაზავია.

თუკი აქამდე უცხოურ ვალუტასა და წილობრივ ფასიან ქაღალდებში (აქციებში) საპენსიო დანაზოგების მხოლოდ 20%-ის დაბანდება იყო ნებადართული, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელებისთვის ეს ლიმიტები გაიზარდა. უფრო დეტალურად, საინვესტიციო პორტფელების მიხედვით აქტივების ლიმიტები ასეთია: