LIVE

ტრეიდერების მოლოდინით, ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს აღარ გაზრდის

24 აგვ 202312:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 439
ტრეიდერების მოლოდინით, ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს აღარ გაზრდის

ტრეიდერების მოლოდინით, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთის ზრდას შეაჩერებს. ამგვარი პროგნოზის მთავარი საფუძველი ევროზონის ბიზნეს აქტივობის მოსალოდნელზე მეტად შემცირება გახდა. 

ტრეიდერების აზრით, ალბათობა იმისა, რომ ECB რეფინანსირების განაკვეთს კიდევ 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის, მხოლოდ 40%-ია. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ECB-ის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ციკლი დასასრულს უახლოვდება.

ამჟამად ECB-ის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი 3.75%-ია. სწორედ ამის გამო აგვისტოში გერმანიაში ბიზნესის აქტივობა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით შემცირდა. გერმანული 10-წლიანი ობლიგაცია, რომელიც გერმანიის ეკონომიკისა და მაკროეკონომიკური მოლოდინის ინდიკატორად მიიჩნევა, 12 საბაზისო პუნქტით, 2.53%-მდე შემცირდა, რაც 10 აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

გარდა ფასიანი ქაღალდებისა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოლოდინების შემცირების შედეგად, ევრო დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა. ამჟამად ერთი ევრო $1.0856 ღირს. აგვისტოში ევროპულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით ღირებულების 1.7% დაკარგა და ორთვიან მინიმუმამდე დაეცა.

"ჩვენ ველით, რომ ECB სექტემბერში შეწყვეტს საპროცენტო განაკვეთის ზრდას, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს მივაღწიეთ თუ არა," - განაცხადა Deutsche Bank-ის უფროსმა ეკონომისტმა, მარკ უოლმა.