LIVE

Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობა განახევრდა

30 ივლ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობა განახევრდა

Meta-ს ახალი პლატფორმა Threads-ი მომხმარებელთა ნახევარზე მეტმა დატოვა. ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა თანამშრომლებს ხუთშაბათს განუცხადა. 

ცუკერბერგი და Meta-ს ხელმძღვანელობა მომხმარებელთა შენარჩუნებას Threads-ის გაუმჯობესებით გეგმავს; მათ შორის, საუბარია პლატფორმის დესკტოპის ვერსიისა და ძებნის პარამეტრების გამართვაზე. ასევე, იგეგმება, რომ Instagram-ის მომხმარებლებს Threads-ის მნიშვნელოვანი სიახლეები გამოუჩნდებათ.

ამას გარდა, ცუკერბერგის თქმით, Meta-ს საკუთარ პლატფორმებზე ხელოვნური ინტელექტისა და metaverse ტექნოლოგიების დანერგვა სჭირდება; ხოლო ამისათვის კომპანიას უკვე ყველანაირი გამოცდილება და რესურსი აქვს. 

საინტერესოა, რომ Threads-ის გამოსვლისთანავე აღნიშნულ პლატფორმაზე რეკორდულად დიდი რაოდენობის მომხმარებელი რეგისტრირდებოდა. როგორც ჩანს, განვითარების აღნიშნული ტენდენცია ამ დროისათვის მნიშვნელოვნად იკლებს. 

Threads-ის ამჟამინდელი წარუმატებლობის ფონზე, ცუკერბერგის მთავარი კონკურენტის, ილონ მასკის Twitter-ზე, რომლის ლოგო მასკმა "X-ით" შეცვალა, რეგისტრირებულთა რიცხვმა მიმდინარე წლის მაქსიმუმს მიაღწია და 540 მილიონს გადასცდა. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე პარასკევს თავად მასკმა გაავრცელა.

Twitter-ს 2022 წლის მაისში თვიურად 229 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. მასკმა პლატფორმა იმავე წლის ოქტომბერში შეისყიდა და მისი განცხადებით, ნოემბერში Twitter-ზე დღიურად 259 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი იყო. 

აღსანიშნავია, რომ გასული კვირიდან Twitter-ის ყველასათვის ცნობილი ლოგო, რომელზეც ჩიტია გამოსახული, X სიმბოლოთი შეიცვალა. მასკის თქმით, მას "სუპერ აპლიკაციის" შექმნა სურს, რომელსაც სახელად "X" ერქმევა.