
საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა, თიბისიმ და საქართველოს ბანკმა, ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფოს წარმომადგენლებს ანგარიშები დაუბლოკა. ბანკების მიერ ალტ-ინფოს ანგარიშის დაბლოკვის შესახებ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამასთან, „პუბლიკა“ ანგარიშების დაბლოკვაზე ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისში პრაიდის კვირეული დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება პრაიდფესტივალია, რომელიც 8 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მოძალადე და პრორუსული ჯგუფები ღონისძიების ჩაშლით იმუქრებიან. ამ მიზნით, რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად, ძალადობრივმა ჯგუფებმა საბანკო ანგარიშის ნომრები გაავრცელეს.
"ბიზნეს ფორმულა" საკითხთან დაკავშირებით თიბისის და საქართველოს ბანკს დაუკავშირდა. საქართველოს ბანკში კომენტარს არ აკეთებენ. თიბისი ბანკში კი ადასტურებენ, რომ ალტ-ინფოს წარმომადგენლების საბანკო ანგარიშები გაიყინა.
კერძოდ, ბანკის განმარტებით, ანგარიშები AML პროცედურის შესაბამისად, ანუ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ფარგლებში გაიყინა.
„გაყინულია ფიზიკური პირების ანგარიშები, AML პროცედურის შესაბამისად“,- განუცხადეს „ბიზნეს ფორმულას“ თიბისიში.