
საქართველოს გენერალური პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს $39 მილიონის მითვისებას ედავება. უწყების ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით მაინინგში ინვესტიცია განახორციელა და 24 661.85 ბიტკოინი გამოიმუშავა, საიდანაც 8 253.13 ბიტკოინი მიითვისა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წარსული და სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის სახელთან.
ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს დააფუძნა და 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, მან გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, სადაც ზედამხედველობას უწევს ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას. ვებგვერდის თანახმად, ის კვლავ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.
ბაჩიაშვილის პროფაილში მითითებულია, რომ ივანიშვილის კუთვნილ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. მანამდე, 2011-2012 წლებში ის მუშაობდა ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, კომპანია Unicor-ში, სადაც პასუხისმგებელი იყო ფინანსური დაგეგმარების, დაქვემდებარებული კომპანიების მართვის და მონიტორინგის საკითხებზე. Unicor ივანიშვილის მიერ რუსეთში თავისი აქტივების სამართავად დაფუძნებული კომპანიაა.
ამასთან, სხვადასხვა დროს, გიორგი ბაჩიაშვილს პოზიციები ეკავა კომპანიებში: Booz & Company, Abu Dhabi Group Georgia და საქართველოს ბანკი.
2014 წელს ბაჩიაშვილმა დააარსა Mission Gate – სარისკო კაპიტალის ფირმა, რომელიც გლობალურად ინვესტირებას ახდენს.
ბაჩიაშვილი ამავდროულად კრიპტობირჟა "კრიპტალის" მფლობელია, რამდენადაც "კრიპტალს" ფლობს შპს "მედიჩი პარტნერსი", რომლის 87.5% ბაჩიაშვილის 100%-იან საკუთრებაში მყოფ შპს "კეპლერ ინვესტმენტს" ეკუთვნის.
ბაჩიაშვილს დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტი, სადაც მან ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით მიიღო და INSEAD-ის ბიზნეს სკოლა, საიდანაც მაგისტრის ხარისხს ფლობს.
ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის სტატუსით, ფიგურირებს Credit Suisse-ის წინააღმდეგ დავაში. Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ წელს მან ჩვენება შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ სინგაპურის სასამართლოში მისცა. გამოცემის მასალებში მისი გვარი პირველად 2016 წელს გამოჩნდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს "ქართული ოცნებისთვის" 2020 და 2021 წელს ჯამში 120 000 ლარი აქვს შეწირული. ამასთან, 2018 წელს მან სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა.
გასულ წელს ბაჩიაშვილი ბერძნული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე მდებარე მისი ვილის გაძარცვის ფაქტი გახდა, საიდანაც ბერძნული მედიის ცნობით, 90 ათასი ევროს ღირებულებების ძვირფასეულობა, ძირითადად სამკაულები იყო წაღებული.