LIVE

რას საქმიანობენ და როგორ აფასებენ საქართველოში ცხოვრებას რუსი მიგრანტები - CRRC-ის კვლევა

29 ივნ 202316:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 900

CRRC საქართველოს მიერ გამოკითხული რუსი იმიგრანტების 61% საქართველოში ცხოვრებით საკმაოდ კმაყოფილია, 5% კი საკმაოდ უკმაყოფილო.

კვლევითმა ორგანიზაციამ 2023 წლის 5 აპრილიდან და 8 მაისამდე, 1008 იმიგრანტი გამოჰკითხა. საქართველოში მყოფი რუსების სრული მონაცემის არქონის გამო, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების განზოგადება შეუძლებელია.

რესპონდენტების 93% ახლო მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს. 49% საქართველოში დარჩენას 1 წელი ან მეტი დროით გეგმავს. 25%-ს ეს ჯერ არ გადაუწყვეტია.

გამოკითხვის მიხედვით, რუსი იმიგრანტების საშუალო ასაკი 33 წელია და მათი უმრავლესობა დასაქმებულია. 

გამოკითხულების 40% ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით მუშაობს. დასაქმების სხვა სფეროებს მიეკუთვნება მარკეტინგი, განათლება, დიზაინი და სერვისი. თითოეულ მათგანში რესპონდენტების 4% მუშაობს. 22% ამ სფეროებისგან განსხვავებული საქმიანობითაა დაკავებული. ამავე ოდენობის რესპონდენტები ამბობს, რომ დასაქმებული არ არის. 

გამოკითხულების 36% მოსკოვიდან, 23% კი სანქტ-პეტერბურგიდანაა. რესპონდენტების ყველაზე დიდი წილი - 39% ამბობს, რომ რუსეთში ცხოვრებით საკმაოდ კმაყოფილი იყო.

ქვეყნის დატოვების მთავარ მიზეზად გამოკითხულების 87% რუსეთში პოლიტიკურ სიტუაციას ასახელებს, 73% - უკრაინასთან კონფლიქტს, 29% კი - სამხედრო მობილიზაციას. 

რესპონდენტების 50% სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც ესაუბრება რუსეთში დარჩენილ მეგობრებს და ნათესავებს. გამოკითხულების 80% საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რუსეთში აღარ ყოფილა. 

თბილისში მცხოვრები რესპონდენტების 35% საბურთალოზე, 12% მთაწმინდაზე, 11% ვაკეში, 11% ისანში, 7% დიდუბეში, 6% ჩუღურეთში, ასევე 6% სამგორში, 5% ნაძალადევში, 4% კრწანისში, 4% კი გლდანში ცხოვრობს.  

რესპონდენტების 89% საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, 8% კი ამბობს, რომ თავს არც უსაფრთხოდ და არც დაუცველად არ გრძნობს.  

შსს-ის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობდა. ერთ წელში ქვეყანაში რუსეთის 1 459 541 მოქალაქე შემოვიდა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.