LIVE

ამერიკის მთავრობამ Ford-ს რეკორდული, $9.2-მილიარდიანი სესხი დაუმტკიცა

25 ივნ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 515
ამერიკის მთავრობამ Ford-ს რეკორდული, $9.2-მილიარდიანი სესხი დაუმტკიცა

Ford Motor-ი და ბატარეების წარმოებაში მისი პარტნიორი SK On სახელმწიფოსგან $9.2 მილიარდიან სესხს მიიღებენ

ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, თანხა აშშ-ს ორ შტატში, კენტუკიში და ტენესიში, ელექტრომანქანების ბატარეების 3 საწარმოს მშენებლობას მოხმარდება.

აღნიშნული სესხი ერთ-ერთი უმსხვილესია, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას ელექტრომობილების წარმოების ქსელის განსავითარებლად გაუცია.

სესხი Ford-ისა და მისი კორეული პარტნიორი SK On-ის მიერ შექმნილ ერთობლივ საწარმოს, BlueOval SK-ს გადაეცემა. სესხის მისაღებად კომპანიებმა გარკვეული წინაპირობები უნდა დააკმაყოფილონ, თუმცა კონკრეტულად რა ვალდებულებებზეა საუბარი, არც Ford-ში და არც აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტში არ ასახელებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ Ford-ს შეუძლია იმაზე ნაკლები თანხა გამოიყენოს, ვიდრე შეთავაზებული $9.2 მილიარდია.

„სესხი მოხმარდება ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვან გაძლიერებას და მაღალი დონის ბატარეების წარმოებას სამომავლოდ Ford-ისა და Lincoln-ის ელექტრომობილებისთვის,“ - განაცხადა BlueOval-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ რიმ.

საწარმოები 2025 წლიდან უნდა ამოქმედდეს. პროექტი პირველ ეტაპზე ჯამში ორივე შტატში 5 000 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო საწარმოების მშენებლობის დასრულების შემდგომ 7 500-ს. წინასწარი გათვლებით, საწარმოები წლიურად 120 გვტ/სთ სიმძლავრის ბატარეების წარმოებას შეძლებენ.

Ford-მა და SK On-მა ჯერ კიდევ 2021 წელს დააანონსა $11.4 მილიარდიანი ინვესტიცია ელექტრო მოდელის, F-150-ის ასაწყობი საწარმოსა და ელექტრო ბატარეების 3 საწარმოს ასაშენებლად. Ford-ის ინვესტიცია $7 მილიარდია და პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეს 1903 წლის შემდეგ, Ford-ის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება.

სესხი სახელმწიფო პროგრამა Advanced Technology Vehicles Manufacturing-ის (ATVM) ფარგლებში გაიცა და შესაბამისად, კომპანიებისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელი სასესხო პირობებია შეთავაზებული ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნებოდა. პროგრამის ფარგლებში ბოლო 14 წელში 30-ზე პროექტისთვის ჯამში $35 მილიარდის სესხია გაცემული.

ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პროგრამამ ატომური ელექტროსადგურები, მზისა და ქარის პროექტები, ასევე ელექტრომანქანების ბატარეების ადგილობრივი წარმოების პროექტები დააფინანსა. სესხების ოფისი ტრამპის მმართველობის პერიოდში შენელებული იყო და მხოლოდ ერთი პროექტის დაფინანსებით შემოიფარგლა. რაც შეეხება ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდს, ჯამში $16 მილიარდის ოდენობის სესხი სუფთა ენერგიის დაფინანსებაში წავიდა, რომლის 90% ელექტროსადგურების სუბსიდირებას მოხმარდა.

სესხების ოფისის საქმიანობაში ყველაზე წარმატებული პროექტი 2010 წელს Tesla-ზე გაცემული $465 მილიონი იყო. ეს თანხა კომპანიას Model S-ის წარმოებაში დაეხმარა. პროექტი წარმატებული იყო და Tesla-მ სესხი დროზე ადრე, 2013 წელს დაფარა.

ბაიდენი გეგმავს, რომ ათწლეულის დასასრულს, აშშ-ში გაყიდული ახალი მანქანების ნახევარი ელექტრო იყოს. აღსანიშნავია, რომ ბატარეების მწარმოებელი საწარმოების დაფინანსების ერთ-ერთი მიზანი ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაა, ამასთან იმ ადამიანების დასაქმება, ვინც სამსახურები ტრადიციული მანქანების წარმოების სფეროში დაკარგეს.