
უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა ნიდერლანდების ბაზარი დატოვა. Binance-ს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა საქმიანობის ლიცენზია შეუჩერა, რადგან კომპანია ვირტუალური აქტივების სერვისის მიმწოდებლის შესაბამის სარეგისტრაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის შეჩერებამდე, ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა (DNB) Binance გააფრთხილა და იანვარში დააჯარიმა კიდეც.
ამ ფაქტის შემდეგ კომპანიის საქმიანობაზე გამოძიება საფრანგეთმაც დაიწყო. ფრანგული მედიის ცნობით, გამოძიება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურებზე მიმდინარეობს. Binanc-ში ადასტურებენ, რომ გასულ კვირას საფრანგეთიდან წარმომადგენლები ჩავიდნენ.
"გასულ კვირას ადგილზე ჩამოვიდნენ შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები. Binance-ი, როგორც ყოველთვის, თანამშრომლობს და სრულად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. ყველა მიმდინარე მოთხოვნაზე მაღალი სტანდარტების დასაცავად ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას მარეგულირებლებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან,“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ბოლო წლებია, რაც კრიპტოვალუტა პოპულარული სავაჭრო აქტივების კლასი გახდა. თუმცა ასევე გაჩნდა კითხვები რისკებთან დაკავშირებით, რამდენადაც კრიპტოვალუტის ფასები მნიშვნელოვნად ირყევა. მსოფლიოს გარშემო მარეგულირებლები ცდილობენ კრიპტობირჟების საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახადონ.
Binance გამოწვევების წინაშე არა მარტო ევროპაში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დგას. კომპანიას აშშ-ს საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) არალეგალურად მუშაობასა და ინვესტორების დასაცავად კანონების უგულებელყოფას ედავებიან. SEC-მა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაოც დაადანაშაულა მომხმარებელთა სახსრების არასწორად გამოყენებაში.
Binance-ი SEC-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა თავიდან აიცილოს აქტივების სრული გაყინვა. თუმცა თუ აშშ-ს სასამართლო დააკმაყოფილებს მარეგულირებლის მოთხოვნას აქტივების გაყინვის შესახებ, კომპანიას ოპერაციების შეჩერება მოუწევს.
"ბიზნეს ფორმულა" საქართველოში Binanace-ის რეგიონულ წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რაიმე გავლენა ხომ არ ექნება აშშ-ის ფინანსური მარეგულირებლების მიერ წამოწყებულ გამოძიებას ქართველ მომხმარებლებსა და მათ აქტივებზე. Binance-ის განცხადებით, საქართველოში კრიპტობირჟის ოპერირება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და თითოეული აქტივი დაცულია.