
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წლის მაისში, პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, გასულ თვეში აეროპორტით 126 864-მა მგზავრმა ისარგებლა. 2019 წლის მაისი კი ეს მაჩვენებელი 64 745-ს შეადგენდა.
მგზავრთნაკადის გარდა, მაისში პანდემიამდელთან შედარებით, რეკორდული იყო ავიარეისების რაოდენობაც. 2019 წლის მაისში აეროპორტში 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80%, 378-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება იანვარ-მაისის მონაცემებს, აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა დაფიქსირდა. 5 თვეში აეროპორტი 502 323 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 74%-ით აღემატება.
5 თვეში ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 66%-ით მეტია.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.
შეგახსენებთ, 2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულება დაამატა.
2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.