LIVE

რომელ ქვეყნებში გაიყიდა მაისში რუსული ნავთობი? - Bloomberg

02 ივნ 202310:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 534
რომელ ქვეყნებში გაიყიდა მაისში რუსული ნავთობი? - Bloomberg

მაისში საზღვაო გზით რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვები დღეში საშუალოდ 180 000 ბარელით შემცირდა და 3.64 მილიონი ბარელი შეადგინა. რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი არიან. ამასთან, საინტერესოა მსოფლიოს სხვა რომელ რეგიონებში და რა რაოდენობით რუსული ნავთობი გადიოდა ექსპორტზე გასული 4 კვირის განმავლობაში.  

აზია

გასული ოთხი კვირის განმავლობაში საზღვაო გადაზიდვებით აზიამ ყველაზე მეტი რაოდენობის რუსული ნავთობი მიიღო. მაგალითად, 28 მაისს რუსეთს ექსპორტზე 3.6 მილიონი ბარელი ნავთობი უფიქსირდება. აქედან კი 3 მილიონი ბარელი მხოლოდ აზიაში შევიდა. Bloomberg-ის უახლესი მონაცემების თანახმად, მხოლოდ 28 მაისს ყველაზე მეტი რუსული ნავთობი, ჯამში 1.57 მილიონი ბარელი, ინდოეთმა შეისყიდა. მას კი მოსდევს ჩინეთი 1.03 მილიონი ბარელით. ამასთან, Bloomberg-ი გამოყოფს აზიაში დაუდგენელ მიმართულებებსაც, სადაც ჯამში აღნიშნულ დღეს 0.42 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი გადაიზიდა, თუმცა საინფორმაციო გამოცემა აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, ეს გადაზიდვები კვლავ ინდოეთსა და ჩინეთში ხორციელდება.  

ევროპა

მაისის თვეში ევროპაში შეტანილი რუსული ნავთობის რაოდენობამ ყოველდღიურად დაახლოებით 63 000 ბარელი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში რუსულ ნავთობს მხოლოდ ერთადერთი ქვეყანა - ბულგარეთი - ყიდულობს. ბულგარეთის გარდა გასული წლის ბოლომდე მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც, რუსული ნავთობი შეჰქონდა ნიდერლანდებს, პოლონეთსა და ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს, თუმცა იანვრიდან, ევროპა, გარდა ბულგარეთისა, რუსულ ნავთობს საერთოდ აღარ იღებს. 

ხმელთაშუაზღვისპირეთი

მსგავსად ევროპისა, ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონშიც რუსულ ნავთობს ერთადერთი მყიდველი ჰყავს და იგი თურქეთია. მაგალითისთვის, 28 მაისს თურქეთმა სულ 240 000 ბარელი რუსული ნავთობი შეისყიდა. აღნიშნულ რეგიონში თურქეთი ნოემბრის შემდეგ ერთადერთია, რომელიც რუსულ ნავთობს იღებს. აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსული ნავთობის ერთ-ერთი დიდი იმპორტიორი იტალია იყო, თუმცა მან, სხვა ქვეყნებთან ერთად, იმპორტი ნოემბრის ბოლოსთვის შეაჩერა. 

შავი ზღვა

გასული წლის იანვრიდან რუსულ ნავთობს შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ ორი ქვეყანა - ბულგარეთი და რუმინეთი - იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოდან რუმინეთმაც შეწყვიტა რუსული ნავთობის იმპორტი, თუმცა ბულგარეთი კვლავ რჩება არა მხოლოდ შავი ზღვის, არამედ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთიდან ნავთობი კვლავ შედის. მაგალითად, 28 მაისის მონაცემებით, ბულგარეთში 63 000 ბარელი რუსული ნავთობი შევიდა. 

ამრიგად, რუსული ნავთობის იმპორტიორი უმსხვილესი რეგიონი, ბოლო თვის მონაცემებით, აზიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეებთან შედარებით რუსული ნავთობის ექსპორტის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლმა ნავთობის მოპოვება შეწყვიტა, როგორც ამას იგი OPEC-თან და ორგანიზაციის პარტნიორ სხვა ქვეყნებთან იუწყება.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთმა რუსეთი ნავთობის მოპოვების შემცირების ვალდებულების დარღვევაში უკვე დაადანაშაულა. მისი განცხადებით, რუსეთი კვლავ აგრძელებს ბაზარზე ნავთობის უზარმაზარი მოცულობის მიწოდებას, რაც ძირს უთხრის ნავთობის გაძვირებისთვის საუდის არაბეთის ძალისხმევას. 

აპრილის დასაწყისში საუდის არაბეთმა, რუსეთმა და OPEC+-ის სხვა წევრებმა განაცხადეს, რომ შეამცირებდნენ ნავთობის მოპოვებას, რასაც ნავთობი უნდა გაეძვირებინა, თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთი კვლავ აგრძელებს ნავთობის დიდი მოცულობით მიწოდებას; ჭარბი რაოდენობა კი ფასებს ამცირებს.