LIVE

საუდის არაბეთი რუსეთს პირობის დარღვევაში ადანაშაულებს - როგორ შეიცვლება ნავთობის ფასი?

29 მაი 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 647
საუდის არაბეთი რუსეთს პირობის დარღვევაში ადანაშაულებს - როგორ შეიცვლება ნავთობის ფასი?

საუდის არაბეთი რუსეთს ნავთობის მოპოვების შემცირების ვალდებულების დარღვევაში ადანაშაულებს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება, რადგან რუსეთი აგრძელებს ბაზარზე იაფი ნედლი ნავთობის უზარმაზარი მოცულობის მიწოდებას, რაც ძირს უთხრის ნავთობის გაძვირებისთვის საუდის არაბეთის ძალისხმევას.

გასულ კვირას საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბაზარს ნავთობის მიწოდების შემდგომი შემცირებისკენ მიანიშნა, თუმცა რუსეთის ვიცე-პრემიერი მას მალევე გამოეხმაურა და შემდგომი შემცირება ეჭვქვეშ დააყენა.

Reuetrs-ის ინფორმაციით, რუსეთს ურჩევნია OPEC+ ჯგუფის პარტნიორებმა 4 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების დონე უცვლელად დატოვონ, რადგან მოსკოვისთვის ნავთობის ამჟამინდელი ფასები და წარმოების კვოტები მისაღებია. 

აპრილის დასაწყისში საუდის არაბეთმა, რუსეთმა და OPEC+-ის სხვა წევრებმა განაცხადეს, რომ შეამცირებდნენ წარმოებას, რასაც ნავთობი უნდა გაეძვირებინა. საუდის არაბეთმა მიმდინარე თვეში მოპოვების შემცირება დაიწყო, მაგრამ უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი აგრძელებს ბაზარზე ნავთობის დიდი მოცულობის მიწოდებას, ჭარბი რაოდენობა კი ფასებს ამცირებს. 

ნედლი ნავთობის ფიუჩერსები აპრილის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით, 10%-ით ნაკლებია. საუდის არაბეთის მცდელობის მიუხედავად, ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი პარასკევს ვაჭრობის დახურვისას ბარელზე $76.95-მდე შემცირდა.

ამ დროისთვის ბრენტი $77.45-ად, ამერიკული WTI კი $73.22-ად ივაჭრება

საუდის არაბეთის მემკვიდრემ, საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველმა, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა, წამოიწყო ამბიციური გეგმა, რათა ნავთობის შემოსავლები სამეფოს ეკონომიკის გარდაქმნის მიზნით გამოიყენოს. მისი მიზანია, რომ ნედლი ნავთობი მაღალ ფასზე, დაახლოებით $81-იან ნიშნულზე შეინარჩუნოს.

მას შემდეგ, რაც OPEC+-მა წარმოების მოულოდნელი შემცირების შესახებ განაცხადა, Goldman Sachs-მა ბრენტის ნავთობის ფასის პროგნოზი წლის ბოლოსთვის ბარელზე $95-მდე, მომავალ წელს კი $100-მდე გაზარდა.