LIVE

OPEC+ ნავთობის მოპოვებას ამცირებს - ნავთობი ძვირდება

03 აპრ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 431
OPEC+ ნავთობის მოპოვებას ამცირებს - ნავთობი ძვირდება

საუდის არაბეთმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) სხვა წევრებთან ერთად, ნედლი ნავთობის მოპოვების „ნებაყოფლობით შემცირებას“ იწყებს.

საუდის არაბეთი წარმოების შემცირებას დღეში 500 000 ბარელით, ერაყი კი 211 000-ით გეგმავს. არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ალჟირი და ომანი ასევე ამცირებს ნავთობის მოპოვებას. OPEC+-ის ცხრა წევრი ქვეყნის მიერ გამომუშავების ჯამური შემცირება დღეში 1.66 მილიონ ბარელს შეადგენს.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ნავთობის ბაზრის სტაბილურობის მხარდაჭერაა. 

ამ ქვეყნების მიერ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ნავთობის მოპოვების 500 000 ბარელით შეზღუდვას წლის ბოლომდე აგრძელებს. 

ახალ ამბებს ნავთობის გაძვირება მოჰყვა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა აზიაში დღეს 5%-ით, ანუ $4-ით მოიმატა და $84-ს გადააჭარბა.

ნავთობის მიწოდების შემცირება დაგმო აშშ-მა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს გლობალურად ფასების ზრდას გამოიწვევს. გასულ წელს ენერგიისა და საწვავის მაღალმა ფასებმა ხელი შეუწყო ინფლაციის ზრდას, რამაც მრავალი ოჯახის მდგომარეობაზე იქონია გავლენა. 

"არ ვფიქრობთ, რომ შემცირება მიზანშეწონილია ამ მომენტში, ბაზრის ბუნდოვანი პერსპექტივის გათვალისწინებით. ამის შესახებ ნათლად განვაცხადეთ," - თქვა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა უახლესი შემცირების საპასუხოდ. 

მსოფლიოში ნედლი ნავთობის მთლიანი მოპოვების დაახლოებით 40% Opec+-ზე მოდის. Opec+ ჯგუფი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC)-ს და მის მოკავშირე სხვა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს მოიცავს.