LIVE

რას წარმოადგენს ჰიროსიმას პროცესი? - G7 და ხელოვნური ინტელექტი

21 მაი 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 487
რას წარმოადგენს ჰიროსიმას პროცესი? - G7 და ხელოვნური ინტელექტი

იაპონიაში G7-ის სამიტი სრულდება. სამდღიანი განხილვების დროს გამოითქვა შეშფოთება სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სამომავლო პოტენციალთან დაკავშირებით. შედეგად, დიდი შვიდიანის ლიდერები ხელოვნური ინტელექტის სფეროს რეგულირების საჭიროებაზე შეთანხმდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის სტანდარტებზე განსხვავებული შეხედულებები გამოითქვა, სამიტზე დამსწრე ყველა სახელმწიფო თანხმდება, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება აუცილებელია. შედეგად, დაიწყება ე.წ. “ჰიროსიმას პროცესი”, რომლის ფარგლებშიც  მთავრობები ერთმანეთს შეხვდებიან და ხელოვნური ინტელექტის სფეროსთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ. შედეგები კი, მიმდინარე წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. 

სახელმწიფოთა შეშფოთებას იწვევს ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, რის შედეგადაც ტექნოლოგიები უკვე ქმნიან ადამიანის ენასთან მიახლოებულ პასუხებს და აგენერირებენ ტექსტებსა თუ გამოსახულებებს. აღნიშნული თუ არ გაკონტროლდება, ქვეყნები შიშობენ, რომ ეს გლობალურად დეზინფორმაციის მატებისა და პოლიტიკური სისტემების რღვევის საფუძველი გახდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ საკითხში პერსონალურ მონაცემთა დაცვაა.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მზარდი განვითარებით საფრთხე არ შეექმნას პერსონალური მონაცემების დაცვას, იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა მზადაა, გაიღოს ფინანსური რესურსები. მიუხედავად ამისა, იაპონიის მთავრობა ამჯობინებს შედარებით რბილ და ზოგად მიდგომას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არა ისეთ მკაცრ მარეგულირებელ კანონმდებლობას, რომლის ამოქმედებაც ევროკავშირში იგეგმება. 

კერძოდ, ევროკავშირში განხილული კანონპროექტი წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების რეგულირების პირველ მასშტაბურ მცდელობას. იგი ითვალისწინებს ტექნოლოგიების რანჟირებას მათი რისკის დონის მიხედვით, "ნაკლებად საშიშიდან" "მიუღებლამდე." სახელმწიფოებსა და კომპანიებსაც შესაბამისად მოუწევთ, დაემორჩილონ წესებს. კანონპროექტს ევროპარლამენტში კენჭს ივნისში უყრიან, შემდეგ კი გაერთიანების წევრებს მიეცემათ ორ წლამდე პერიოდი, რათა კანონში სხვადასხვა დეტალები თავიანთი ქვეყნის რეალობას შეუსაბამონ. 

კიოკო იოშინაგამ, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრის ტექნოლოგიების სამართლისა და პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების რეგულირებასთან დაკავშირებულ დისკუსიებში ასევე უნდა ჩაერთონ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნები.