LIVE

სამხრეთ ევროპა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ძლიერი გვალვისთვის ემზადება

23 მაი 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 509
სამხრეთ ევროპა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ძლიერი გვალვისთვის ემზადება

სამხრეთ ევროპაში ზაფხულში ძლიერ გვალვას ელიან. ზოგიერთ რეგიონში უკვე განიცდიან წყლის დეფიციტს და ფერმერები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულ მოსავალს ელოდებიან.

კლიმატის ცვლილების გავლენით, რეგიონი გახდა კიდევ უფრო ცხელი, რის გამოც გამოშრა ნიადაგები. მდინარეებისა და რეზერვუარების დონის კლების გამო საფრთხის ქვეშაა ჰიდროელექტროენერგიის წარმოებაც.

მეცნიერები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხული რეკორდულად ცხელი იყო ევროპისთვის, რამაც ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გვალვა გამოიწვია.

წელს ყველაზე რთული მდგომარეობა ესპანეთშია. ქვეყანაში მოსალოდნელზე, საშუალოდ ორჯერ ნაკლები გაზაფხულის ნალექი მოვიდა. ზოგიერთ რეგიონში წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით უკვე დაწესდა გარკვეული აკრძალვები. ასევე, ათასობით ადამიანი სასმელ წყალს სატვირთო მანქანებით იღებს.

სიცხის გამო ზოგიერთმა ფერმერმა მოსავლის 80% დაკარგა, რომელთა შორისაცაა მარცვლეულისა და ზეთისხილის მოსავლებიც. აღსანიშნავია, რომ სწორედ ესპანეთში მოდის ევროკავშირში მოყვანილი ზეთისხილის ნახევარი, ამასთან ესპანეთი ევროპაში წარმოებული ხილის ერთ-მესამედზეა პასუხისმგებელი. მოსავლის ასეთი შედეგები კი, თავის მხრივ, სურსათის ფასების ცვლილებაზე იქონიებს გავლენას.  

„ესაა ათწლეულების განმავლობაში მოსავლის ყველაზე მძიმე დანაკარგი,“ - განაცხადა ევროპის ფერმერთა ჯგუფის Copa-Cogeca-ს ხელმძღვანელმა პეკა პესონენმა. 

ესპანეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლუის პლანასმა 24 აპრილს ევროკომისიას წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნული, რომ მხოლოდ ქვეყნის ფინანსებით ვერ შეძლებენ მოსალოდნელ ზარალთან გამკლავებას. ესპანეთმა საგანგებო სიტუაციის სამართავად 2 მილიარდი ევრო უკვე გამოყო, ევროკომისიისგან კი ჯერ კიდევ ელოდება 450 მილიონი ევროს დახმარებას ფერმერული სუბსიდირების ბიუჯეტიდან.

„ძლიერი გვალვა სამხრეთ ევროპაში საგანგაშოა არა მხოლოდ ფერმერებისთვის, არამედ ისედაც მაღალი სამომხმარებლო ფასების კიდევ უფრო გაზრდის შიშით. ეს კი ევროკავშირში წარმოების მკვეთრად შემცირების გამო მოხდება,“ - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, მირიამ გარსიამ.

მსგავსი პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას იტალიაში, სადაც ქვეყნის წყლის რესურსების 80% სოფლის მეურნეობაში გამოიყენება. ეროვნული მონაცემების მიხედვით, მთაში თხელი თოვლისა და ნიადაგის დაბალი ტენიანობის გამო, წელს ფერმერები საზაფხულო კულტურებს 6%-ით ნაკლებ ფართობზე დათესენ.

2 წლიანი მშრალი სეზონის შემდგომ, ჩრდილოეთ იტალიაში თოვლისგან წარმოქმნილი წყლის რეზერვუარები 70%-ით შემცირდა, ნიადაგის ტენიანობა კი 40%-ით,“- განაცხადა ლუკა ბროკამ, იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოს წარმომადგენელმა. 

ასეთი გამოშრობის გამო წვიმის დროსაც კი ნიადაგი შესაბამისად ვერ იწოვს წყალს, რამაც დამანგრეველი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ იტალიის ერთ-ერთ რეგიონში 18 მაისის მონაცემებით წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ცხელ სეზონს ებრძვის პორტუგალია და საფრანგეთიც. პორტუგალიის ტერიტორიის 90% გვალვის ზონაშია მოქცეული. საფრანგეთი კი ყველაზე მშრალი ზამთრის მერე უკვე ზოგავს წყლის მარაგებს, რასაც სოფლის მეურნეობისთვის უფრო ნაკლები რესურსის მიწოდების ხარჯზე აკეთებს.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეფექტები ევროპის გარდა მსოფლიოს სხვა წერტილებშიც იგრძნობა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში უმძიმეს გვალვას უძლებს სომალის ნახევარკუნძული იგივე აფრიკის რქა. არგენტინაში კი ცხელ სეზონს ეწირება სოიოსა და სიმინდის კულტურები.

კლიმატის ექსპერტების მიხედვით, ბოლო 150 წლის განმავლობაში ტემპერატურის 1.5°C-ით მომატება მათ წინასწარ გათვლებს ემთხვევა. თუმცა გაფრთხილებების მიუხედავად, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში იძლევიან, ქვეყნებმა და კომპანიებმა თავიანთი ქცევა არ შეცვალეს. მაგალითად, ფერმერულ რეგიონში მორწყვისას ჯერ კიდევ არ მიმართავენ წყლის დაზოგვის ხერხებს ან არ გადადიან ისეთი გვალვაგამძლე კულტურების მოყვანაზე, როგორიცაა, მაგალითად, მზესუმზირა.