LIVE

ღარიბაშვილი: ქვეყანა მდიდრდება, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა

19 მაი 202311:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 337
ღარიბაშვილი: ქვეყანა მდიდრდება, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა მდიდრდება, რაც მისი შეფასებით, მთავრობის ეროვნული პოლიტიკის შედეგია.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე და განაცხადა, რომ ეს თანდათანობით მოსახლეობაზეც აისახება.

„ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, ეროვნული ინტერესების დაცვას. დღეს ქვეყანა მდიდრდება, ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. უმუშევრობა, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა, ჩვენი ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ქვეყანას აქვს 5 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვები. გაიზარდა ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარება. ეს შევძელით ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად. დღეს ბიზნესი რომ ვითარდება, ეკონომიკა რომ იზრდება, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს ჩვენნაირი ზრდა, ეს ყველაფერი თანდათანობით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე აისახება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ორნიშნა ზრდის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიგრანტების ეფექტი სახელდება. მიმდინარე წლის მარტში საარსებო შემწეობა საქართველოს 676 641-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა. საზოგადოებრივი აზრის უახლეს კვლევებში იკვეთება, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად უმუშევრობა, სიღარიბე და მაღალი ფასები აწუხებსNDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 69% ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.