LIVE

ამერიკული First Republic ბანკი გაკოტრების საფრთხის წინაშეა

27 აპრ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 443
ამერიკული First Republic ბანკი გაკოტრების საფრთხის წინაშეა

ბანკი First Republic გადარჩენისთვის იბრძვის. გასული რამდენიმე კვირის გათვალისწინებით, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკული ბანკის კოლაფსი გარდაუვალია და ეს შეიძლება უახლოეს დღეებში მოხდეს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ბანკმა განაცხადა, რომ მთლიანი დეპოზიტების მოცულობა პირველ კვარტალში 41%-ით, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა.  

ანგარიშის მიხედვით, 9 მარტს ბანკს $173.9 მილიარდის ოდენობის დეპოზიტები ჰქონდა, რაც 21 აპრილს $102.7 მილიარდამდე არის შემცირებული. აქედან $30 მილიარდი სხვა მსხვილი ბანკების შენატანია.

ეს ნიშნავს, რომ გასულ თვეში საბანკო სექტორში არეულობის ფონზე, მომხმარებლებმა ბანკისგან $100 მილიარდის მოცულობის დეპოზიტები გაიტანეს. 

სიახლეს აქციების ვარდნა მოჰყვა. სამშაბათს 49%-იანი გაუფასურების შემდეგ, გუშინ First Republic-ის აქციები თითქმის 30%-ით შემცირდა.

შედეგად, First Republic-ის აქციის ფასმა გუშინ $5.68 შეადგინა. შედარებისთვის, ერთი წლის წინ ის, დაახლოებით, $170-ად ივაჭრებოდა. მიმდინარე წელს მისი აქციები 95%-ით გაუფასურდა.

ორივე დღეს, აქციების სწრაფი კლებით გამოწვეული დროებითი შეფერხებების გამო, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ვაჭრობა არაერთხელ შეჩერდა. 

ბანკმა განაცხადა, რომ სტრატეგიულ ვარიანტებს განიხილავს და "იღებს ზომებს ბიზნესის გასაძლიერებლად და ბალანსის რესტრუქტურიზაციისთვის“, მაგრამ საკითხში გარკვეული პირების თქმით, ბანკი ცდილობს ისეთი ეფექტური გადაწყვეტის მოძიებას, როგორიცაა მისი მთელი ან ნაწილობრივი გაყიდვა.

წყაროები ასევე ამბობენ, რომ ბანკი კონტაქტზეა აშშ-ის მთავრობასთან, რომელიც გასულ თვეში Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის კოლაფსის შემდეგ, საბანკო სექტორის მიმართ განსაკუთრებით მობილიზებულია.

ცნობილია, რომ განიხილება, როგორც აშშ-ის მსხვილი ბანკების მიერ First Republic-ის გადარჩენის, ასევე ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციის მიერ დეპოზიტებზე კონტროლის აღება, როგორც ეს SVB-ის შემთხვევაში მოხდა.

აშშ-ის მარეგულირებლებმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკი Silicon Valley Bank (SVB) 10 მარტს, მას შემდეგ დახურეს, რაც მისი რთული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მეანაბრეების მიერ თანხის გატანა მოჰყვა. მომდევნო კვირაში სახელმწიფო მარეგულირებლებმა ნიუ-იორკში მდებარე Signature Bank-იც დახურეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის საბანკო ისტორიაში რიგით მესამე ყველაზე დიდი მარცხია.