
მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მას ფინალურ თამაშებზე ეცვა, Sotheby's აუქციონზე $2.2 მილიონად გაიყიდა. შედეგად, Air Jordan 13s გახდა ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ოდესმე გაყიდულა.
ფეხსაცმელი, რომელსაც ჯორდანის ხელმოწერა აქვს, Sotheby's-მ $2-დან $4 მილიონამდე შეაფასა. ის აუქციონზე გატანილი ჯორდანის ნივთებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია.
ჯორდანი რჩება სპორტსმენად, რომლის სპორტული ტანსაცმელი აუქციონებზე ყველაზე ძვირად იყიდება. გასულ წელს კალათბურთელის მაისური, რომელიც 1998 წლის NBA ფინალზე ეცვა, $10.1 მილიონად გაიყიდა.
ამ დრომდე ჯორდანის ფეხსაცმელი ყველაზე ძვირად 2021 წელს გაიყიდა. აუქციონზე Nike Air Ships-ის გასაყიდმა ფასმა $1.47 მილიონი შეადგინა.
Air Jordan 13s-ს კალათბურთელი ატარებდა 1998 წლის NBA ფინალის სერიის მე-2 თამაშში, როდესაც 37 ქულის ჩაგდება შეძლო. გამარჯვებისთანავე, ჯორდანმა ფეხსაცმელი გასახდელში მყოფ ბიჭს დაკარგული ქურთუკის პოვნისთვის მადლობის ნიშნად გადასცა.