LIVE

ივანიშვილი აქტივებზე წვდომას ისევ ვერ ახერხებს - ადვოკატის განცხადება

11 აპრ 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 438
ივანიშვილი აქტივებზე წვდომას ისევ ვერ ახერხებს - ადვოკატის განცხადება

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აქტივებზე წვდომას ვერ ახერხებს. ამის შესახებ საუბარია მილიარდერის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის მიერ Credit Suisse-სა და ივანიშვილს შორის მიმდინარე დავის საკითხზე გამოქვეყნებულ უახლეს განცხადებაში. 

ადვოკატი წერს, რომ ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში და მის მმართველად დარჩა Credit Suisse-ის გერნსის კუნძულზე დაფუძნებული ტრასტი, რომელიც 2022 წლის მარტამდე თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევდა თავს, შემდეგ კი მისი დამოკიდებულება შეიცვალა. 

"ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას.
აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში: ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხვის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე. შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული. აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება", - ნათქვამია განცხადებაში. 
 
ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულის გამო, მოსარჩელეებმა ტრასტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა.
 
კალანდაძის განმარტებით, მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს და საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში, თუმცა სხდომები, თვეების განმავლობაში, არაერთხელ გადაიდო. საქმის არსებითი განხილვა 2023 წლის 20 მარტს დასრულდა. 
 
"როგორც წესი, ერთდღიან სასამართლო პროცესებს აქვს ადგილი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას.
 
ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გერნსის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა.
შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ.
შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც", - წერს ადვოკატი. 
 
კალანდაძე წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგა აქტივებზე, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე წვდომა, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება.
 
"ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას", - განმარტავს კალანდაძე. 
 
Credit Suisse-სთან ბიძინა ივანიშვილის დავები 2011 წელს დაიწყო. დავა ახალ განზომილებაში გადავიდა უკრაინაში ომის დაწყებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციების შემდეგ. ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები ხშირად აცხადებენ, რომ Credit Suisse-ის ტრასტი თანხას ივანიშვილს არ ურიცხავს და მიზეზად ევროპარლამენტის რეზოლუცია მოჰყავს.