LIVE

IDFI: საპენსიო დანაზოგებით ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა დაფინანსდეს

04 აპრ 202312:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 688

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) მიაჩნიათ, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში არ უნდა მოხდეს.

როგორც IDFI-ის მიერ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი უნდა გაიზარდოს და დანაზოგები მეტად რისკიან აქტივებში უნდა განთავსდეს, თუმცა ამ მიმართულებით არ უნდა იყოს განხილული ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, ხუდონჰესი და ანაკლიის პორტი.

IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტები მაღალრისკიან საინვესტიციო ინსტრუმენტად მიიჩნევა, შესაბამისად, მსგავს პროექტებში მოსახლეობის საპენსიო დანაზოგები არ უნდა დაბანდდეს.

„მთავრობამ საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა მისცეს. სტრატეგიულ პროექტებში ინვესტირება როგორიცაა ხუდონჰესი, ანაკლია, ქვეყნის ინტერესებშია, თუმცა ეს არაა საპენსიო სისტემის მონაწილეების ინტერესებში. ეს პროექტები მომეტებულ რისკებთანაა დაკავშირებული და საპენსიო სააგენტოს არ გააჩნია გამოცდილება ამგვარი რისკების შეფასების. საპენსიო სააგენტო ფინანსურ ინსტრუმენტებში უნდა ახდენდეს დანაზოგების ინვესტირებას და არა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რამდენად სტრატეგიულიც არ უნდა იყოს ამა თუ იმ პროექტების მშენებლობა“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.

საპენსიო სააგენტოში კი აცხადებენ, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც ალტერნატიული აქტივების კლასები მათთვის საინტერესოა, თუმცა ამბობენ, რომ ჯერჯერობით კონკრეტული პროექტების განხილვა არ მომხდარა.

„მსგავსი პროექტები - ანაკლია, ხუდონჰესი, ამას ფინანსებში ალტერნატიული აქტივების კლასები ჰქვია, რომელიც ჩვენთვის ზოგადად საინტერესოა. ყველა გრძელვადიან საინვესტიციო ფონდში მნიშვნელოვანი წილი უკავია ამ არატრადიციულ აქტივებს, როგორიცაა, მაგალითად, პირდაპირი სესხის გაცემა. ჩვენთვისაც ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტები, როგორც ალტერნატიული აქტივის კლასი საინტერესოა, რადგან მეტი საშუალებაა ფულის დაბანდების, ნაკლები კორელაცია აქვს გლობალურ ბაზრებთან, ნაკლები ვოლატილობა აქვს პორტფელთან და მეტი ზრდის პერსპექტივა აქვს გრძელვადიან პერიოდში. მაგრამ კონკრეტული პროექტების დასახელება ახლა არ შემიძლია, რადგან ჩვენთან არ განხილულა ჯერჯერობით მსგავსი რამ. ყველა მსგავსი პროექტი დეტალურად უნდა გაანალიზდეს - როგორია დაფინანსების სტრუქტურა, ვინ აფინანსებს, როგორია ეკონომიკური უკუგება, მომგებიანობა“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, მოქალაქეების საპენსიო დანაზოგებით შესაძლოა მსხვილი საინვესტიციო პროექტები დაფინანსდეს. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოება იგეგმება. როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, მანდატის გაფართოების შემდეგ პირდაპირი ინვესტირება მხოლოდ ისეთ პროექტებში მოხდება, რომლებშიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სტრატეგიული ინვესტორები იქნებიან ჩართული. ამასთან, სააგენტო საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში მაქსიმუმ 1/3-იანი წილით შევა.

ამასთან, მთავრობა ისეთი მსხვილი პროექტების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ხუდონჰესი, სწორედ საპენსიო დანაზოგებს მოიაზრებს.