LIVE

დასავლეთის სანქციების გამო, რუსული Sberbank-ის მოგება 80%-ით შემცირდა

01 აპრ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 327
დასავლეთის სანქციების გამო, რუსული Sberbank-ის მოგება 80%-ით შემცირდა
Sberbank-ის CEO ჰერმან გრეფი რუსეთის პრეზიდენტთან

2022 წელს სანქცირებული Sberbank-ის წმინდა მოგება თითქმის 80%-ით შემცირდა. რუსეთის უმსხვილესი ბანკის ანგარიშის თანახმად, წლიურმა მოგებამ 270.5 მილიარდი რუბლი ($3.57 მილიარდი) შეადგინა, რაც 78.3%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ეს თანხა, რუსული აღრიცხვის სტანდარტების მიხედვით, ბანკის მიერ ნავარაუდევზე 30 მილიარდი რუბლით ($396 მილიონი) ნაკლებია. 

ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, ჰერმან გრეფის თქმით, ბანკის მოგება წელს „პრე-კრიზისულ“ მდგომარეობას მიუახლოვდება და დაახლოებით 1.25 ტრილიონ რუბლს ($16.5 მილიარდს) მიაღწევს.

”ჩვენმა ბიზნეს მოდელმა გამძლეობის მორიგი ტესტი ჩააბარა”, - თქვა გრეფმა. მან დასძინა, რომ ბანკი 2022 წლის შედეგებზე დივიდენდების გადახდას განიხილავდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Sberbank-ის საბჭომ თითო აქციაზე დივიდენდის სახით 25 რუბლის გადახდის რეკომენდაცია გასცა, რაც ჯამურად რეკორდულ 565 მილიარდ რუბლს შეადგენს.  

Sberbank-ის თანახმად, ბანკის დანაზოგებმა 240 მილიარდ რუბლს ($3.2 მილიარდი) გადააჭარბა, ხოლო საოპერაციო ხარჯები 1.5%-ით შემცირდა.

გრეფით თქმით, ბანკმა დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, $6 მილიარდი ღირებულების უცხოური ვალუტა აღადგინა. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რომელსაც დასავლეთის სანქციების გამო, რეზერვების ნახევარი ჩამოერთვა და მსოფლიო ვალუტებთან ტრანზაქციებს ჩამოშორდა, 2022 წელს რეკორდულ ზარალზე გავიდა.

მარეგულირებლის წლიური ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ცენტრალური ბანკის დანაკარგი გასულ წელს 27-ჯერ გაიზარდა და 721.7 მილიარდი რუბლი ($9.3 მილიარდი) შეადგინა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 26.3 მილიარდი რუბლი ($339.9 მილიონი) იყო.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა დაკარგა წვდომა $600 მილიარდის რეზერვებზე უცხოურ ვალუტასა და ოქროში.