LIVE

„ვისოლის“ დირექტორი: დიზელის ფასის საგრძნობი შემცირებაა მოსალოდნელი

29 მარ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 431
„ვისოლის“ დირექტორი: დიზელის ფასის საგრძნობი შემცირებაა მოსალოდნელი

კომპანია „ვისოლის“ ქსელში, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში დიზელის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა.

მისი განმარტებით, ფასის კლებას ძირითადად განაპირობებს მსოფლიო ბაზარზე დიზელის ღირებულების შემცირება და არა რუსეთიდან იაფი იმპორტი.

„გასულ კვირაში დიზელის ფასი შევამცირეთ. შემდეგი 2 კვირის პროგნოზებს თუ გადავხედავთ, ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებში უფრო დიზელის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი.  

დიზელის ტიპის პროდუქტებზე ფასის შემცირების მიზეზი არ იქნება ის, რომ რუსეთის გადამამუშავებელმა ქარხნებმა საქართველოს ფასდაკლება გაუკეთეს. აღსანიშნავია, რომ სხვაობა დიზელზე ევროპულსა და რუსულს შორის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს სხვაობა არის ბენზინის შემთხვევაში. დღეს თუ ვაკლებთ, ეს მხოლოდ რუსეთის ფაქტორის გამო არ არის. მსოფლიო ბაზარზე დიზელის ფასები შემცირდა. ეს არის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი, რის შედეგადაც ვგეგმავთ, მომდევნო კვირებში დიზელის ფასის შემცირებას. ვფიქრობთ, საგრძნობი ფასდაკლებები იქნება“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.

რაც შეეხება ბენზინის ფასს, „ვისოლის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, კომპანიამ ბენზინის ღირებულება თებერვალი-მარტის პერიოდში შეამცირა. მისი თქმით, კლების ტრენდი განსაკუთრებით თვალსაჩინო თებერვალში იყო.

ვასილ ხორავა აღნიშნავს, რომ ახლა „ვისოლის“ თვითმომსახურების ობიექტებში რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 2.20 ლარია და ფასდაკლების ბარათის გამოყენების შემთხვევაში მისი ყიდვა 2.05 ლარადაა შესაძლებელი. 

24 მარტს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, რომ საქართველოში რუსეთიდან იაფი დიზელის ტიპის საწვავის შემოტანა დაიწყო და ბოლო პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე დიზელის გაიაფება სწორედ რუსეთიდან იმპორტს უკავშირდება.

შეგახსენებთ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის უახლესი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთიდან განხორციელდა. საქართველოში, 2 თვეში 148,5 ათასი ტონა რუსული საწვავი შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 85,3%-ია.