LIVE

ნავთობიმპორტიორთა კავშირი: რუსეთიდან იაფი დიზელის შემოტანა უკვე დაიწყო

24 მარ 202315:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 499
ნავთობიმპორტიორთა კავშირი: რუსეთიდან იაფი დიზელის შემოტანა უკვე დაიწყო

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში რუსეთიდან იაფი დიზელის ტიპის საწვავის შემოტანა უკვე დაიწყო.

როგორც კავშირში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, ბოლო პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე დიზელის გაიაფება სწორედ რუსეთიდან იმპორტს უკავშირდება.

ამასთან, კავშირის ინფორმაციით, მოლოდინია, რომ ერთ თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდანაც დაიწყება ევრო 5 სტანდარტის დიზელის იმპორტი, ეს ყველაფერი კი, დიზელს გააიაფებს.

„აქამდე ქართულ ბაზარზე დიზელი იმიტომ ღირდა ძვირი, რომ რუსეთი არ გვაძლევდა ამ ტიპის პროდუქციას. გასულ თვეში კი ნელ-ნელა რუსეთმა დაიწყო საქართველოსთვის შედარებით დიდი მოცულობებით დიზელის მოწოდება. ასევე ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ თვეში აზერბაიჯანიდან, ბაქოდან შემოვა ევრო 5 სტანდარტის დიზელი. ეს ყველაფერი კი დიზელზე ფასების დარეგულირებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა.

ბოლო კვირების განმავლობაში რეგულარის ტიპის საწვავთან ერთად ქართულ ბაზარზე დიზელის ტიპის საწვავიც გაიაფდა. კერძოდ, ერთი ლიტრი დიზელი ბენზინგასამართ სადგურებზე ბოლო პერიოდში დაახლოებით 5-10 თეთრით გაიაფდა და ახლა მისი ღირებულება 3.39-3.48 ლარის დიაპაზონშია.

საქართველო მნიშვნელოვნად გახდა დამოკიდებული რუსული საწვავის იმპორტზე. კერძოდ, 2022 წელს საქართველომ რუსეთისგან 623 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა (წლიური ზრდა 361%). მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კი რუსეთიდან 108 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 370%-იანი ზრდაა.