LIVE

მთავრობამ ენერგეტიკული ბირჟის გახსნა კიდევ ერთხელ გადაავადა

29 მარ 202310:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 612
მთავრობამ ენერგეტიკული ბირჟის გახსნა კიდევ ერთხელ გადაავადა

მთავრობის დადგენილების პროექტში შესული ცვლილებების შესაბამისად, ენერგეტიკული ბირჟის გახსნა კიდევ ერთხელ გადავადდა. საქართველოში დღით ადრე ბაზარი, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი, ასევე დღიური ბაზარი, 2023 წლის 31 მარტს უნდა გახსნილიყო, თუმცა 1 ივლისს ამოქმედდება. 

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია. უწყების ინფორმაციით, პარალელურად, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ბაზრის მონაწილეების მზაობას და მათ დამატებითი დრო ექნებათ ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცესების განსახორციელებლად.

„ასევე აღსანიშნია, რომ „ენგურჰესსა“ და „ვარდნილჰესების კასკადს“ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადობისათვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ეს საწარმოები წარმოადგენენ BSP (დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლები) სტატუსის მქონე პირებს და ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების დღისთვის აუცილებელია, რომ ორივე სადგური მზად იყოს მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის, რაც, წყლის დონის გათვალისწინებით, სწორედ ზაფხულის პერიოდისთვის არის ხოლმე შესაძლებელი.

სწორედ, ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ბაზრის ახალი მოდელი მიმდინარე წლის პირველ ივლისს ამოქმედდება“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. 

ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა გულისხმობს თანამედროვე სავაჭრო მექანიზმების დანერგვას ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის პრინციპების გათვალისწინებით.

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე არსებული ორმხრივი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიით ვაჭრობასთან ერთად შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიით ვაჭრობა დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ახალი ბაზრის მოდელით შეიცვლება ზოგიერთი მთავარი პრინციპი: თუ ახლა ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება თვეში ერთხელ, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ყოველსაათობრივად განხორციელდება. ამასთან, ბაზრის მონაწილე თავად გააკონტროლებს, რა ოდენობის ელექტროენერგია გაყიდოს, ან რა ოდენობის ესაჭიროება შესაძენად. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიით ვაჭრობა იქნება დინამიკური პროცესი, რომელიც ენერგეტიკულ ბირჟაზე განვითარდება - ყოველი საათისთვის იქნება სხვადასხვა ფასი და მაღალი კონკურენცია.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული ბირჟა ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა მაშინ მისი გადავადების მთავარ მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა დასახელდა. მოგვიანებით ბირჟის ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ 1 მარტამდე, შემდეგ 1 სექტემბრამდე, შემდეგ კი 2023 წლის 31 მარტამდე გადაიდო. გასული წლის აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება და ელექტროენერგიაზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება, ზედმეტი რისკების შემცველია.

საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ინფორმაცია გაავრცელა, რომ 13 თებერვალს, პლატფორმის საშუალებით, ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე სატესტო ვაჭრობას იწყებდა.