
ამერიკული First Citizens BancShares აცხადებს, რომ ჩამოშლილი კონკურენტი ბანკის, Silicon Valley Bank-ის დიდ ნაწილს ყიდულობს.
მან SVB-ს $72 მილიარდის მოცულობის აქტივები და სესხები ფასდაკლებით, $16.5 მილიარდად შეიძინა. SVB-ის $90 მილიარდის აქტივები აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფონდის მიმართ ფედერალურ კორპორაციას (FDIC) რჩება.
მარეგულირებლის შეფასებით, ბანკის მარცხის გამო, დეპოზიტების დაზღვევის ზარალი დაახლოებით $20 მილიარდს აღწევს.
FDIC თანახმად, SVB-ს 17-ვე ყოფილი ფილიალი მუშაობას დღეიდან First Citizens-ის ბრენდის სახელით გააგრძელებს.
მარეგულირებელი SVB-ის კლიენტებს ურჩევს, კვლავ თავიანთი ფილიალებით ისარგებლონ იქამდე, სანამ First Citizens Bank-ისგან მიიღებენ შეტყობინებას, რომ მათი ანგარიში მთლიანად ახალი ბანკის მართვაში გადავიდა.
ჩრდილოეთ კაროლინაში ბაზირებული First Citizens გასული წლების განმავლობაში პრობლემური ბანკების ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი იყო.
მარტის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მარეგულირებელმა ჯერ SVB, შემდეგ კი Signature Bank დახურა. ეს აშშ-სთვის 2008 წლის მსოფლიო კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი საბანკო მარცხია.
First Citizens-ის მიერ SVB-ის ყიდვა მნიშვნელოვანია საბანკო სექტორში ნდობის აღდგენისთვის. მიმდინარე თვის დასაწყისში ბანკის მარცხმა გლობალურად გამოიწვია ინვესტორების შიში სხვა საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რასაც საბოლოოდ მთელ მსოფლიოში ბანკების აქციების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.
SVB-ის გაერთიანებული სამეფოს ფილიალი ბანკის დახურვიდან ორ დღეში HSBC-მ 1 ფუნტად იყიდა.
გასულ კვირას საბანკო სექტორში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. უდიდესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა განაცხადა, რომ თანახმაა, მისი კონკურენტი, Credit Suisse $3.25 მილიარდად იყიდოს.