LIVE

TikTok-ის CEO აშშ-ის კონგრესის წინაშე წარსდგა - რას ედავებიან კანონმდებლები

24 მარ 202315:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 304
TikTok-ის CEO აშშ-ის კონგრესის წინაშე წარსდგა - რას ედავებიან კანონმდებლები

TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი შუ ზი ჩუ გუშინ აშშ-ის კონგრესის მოსმენაზე ოთხსაათ-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა.

ამერიკული კონგრესის წინაშე ბევრი ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი წარმდგარა. დაკითხვა მარტივი არცერთი მათგანისთვის ყოფილა, თუმცა ჩინური კომპანია ByteDance-ის მფლობელობაში არსებული ყველასათვის ცნობილი TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს გუშინ განსაკუთრებით ცხარე დებატების გავლა მოუწია. 

პროცესის განმავლობაში რამდენიმე დასამახსოვრებელი დეტალი გამოიკვეთა.

შუ ზი ჩუს შვილები TikTok-ს არ მოიხმარენ

კონგრესის დემოკრატმა წევრმა, ნანეტ ბერაგანიმ, TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰკითხა, იყენებენ თუ არა მისი შვილები აპლიკაციას. შუ ზი ჩუმ განაცხადა, რომ მისი ბავშვები TikTok-ის მომხმარებლები არ არიან, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სინგაპურში ცხოვრობენ, ხოლო აპლიკაციის ის ვერსია, რომელიც სინგაპურშია გავრცელებული, 13 წლამდე ასაკის ბავშვებს TikTok-ის გამოყენების უფლებას არ აძლევს. ჩუმ ისიც დაამატა, რომ თუკი თავისი შვილები აშშ-ში იცხოვრებდნენ, იგი მათ არ დაუშლიდა აპლიკაციის გამოყენებას. 

ByteDance-ის ჩინელ ინჟინრებს ამერიკელთა პირად მონაცემებზე ხელი მიუწვდებათ 

კონფიდენციალურობის საკითხებთან დაკავშირებით შუ ზი ჩუ ხშირად მიუთითებდა “Project Texas”-ზე, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიური ფირმის, Oracle-ის, მფლობელობაში იქნება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამერიკელთა პირადი მონაცემები ამერიკულ ტერიტორიაზევე იქნება დაცული. 

მიუხედავად ამისა, “Project Texas” ჯერ არ მოქმედებს და, როგორც ბატონმა ჩუმ დაადასტურა, ByteDance-ის ჩინელ ინჟინრებს ჯერ კიდევ აქვთ წვდომა მონაცემებზე. ეს საკითხი განსაკუთრებით დელიკატურია ამერიკელი კონგრესმენისათვის, რომლებიც ეჭვობენ, რომ თუკი ByteDance-ის ინჟინრებს აქვთ წვდომა აპლიკაციის ამერიკელ მომხმარებელთა პირად მონაცემებზე, შესაბამისად, ძნელია იმის თქვა, რატომ არ შეიძლება ჰქონდეს იმავე ინფორმაციაზე კონტროლი ჩინეთის ხელისუფლებასა და კომუნისტურ პარტიას. 

TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი ByteDance-ის წილებს ფლობს

კონგრესმენებთან შეხვედრაზე შუ ზი ჩუს ყველაზე მეტად TikTok-სა და ByteDance-ის ერთმანეთისაგან გამიჯვნა გაუჭირდა. კონგრესმენების მთავარი შეშფოთების საგანიც ისაა, რომ TikTok-ს ჩინური კომპანია ფლობს, ხოლო თავად შუ ზი ჩუ ადრე ByteDance-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი იყო. 

თავდაპირველად ჩუმ თავიდან აიცილა კითხვა, რომელიც კონგრესმენებმა პირდაპირ დაუსვეს, ფლობს თუ არა იგი ByteDance-ის წილებს, თუმცა კანონმდებლების ზეწოლით მან საბოლოოდ აღიარა, რომ ეს სიმართლეა. 

TikTok-ის უფროსი Facebook-სა და Cambridge Analytica-ს შემთხვევებს იხსენებს

კონგრესთან წარდგენის დროს TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს უმეტესად თავის დაცვა უხდებოდა, თუმცა რამდენიმე მომენტში პირიქითაც მოხდა. როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვაზე საუბრობდა, მან განაცხადა, რომ ამერიკელებს საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაციები Facebook-სა და Cambridge Analytica-ს მონაცემებზე. ეს საკმაოდ მწარე, თუმცა გონივრული კომენტარი იყო ჩინური აპლიკაციის გენერალური დირექტორის მხრიდან. ცნობისათვის, Cambridge Analytica ბრიტანული პოლიტიკური საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც Facebook-ის მომხმარებლების შესახებ პირად ინფორმაციებს იძიებდა. საკითხი 2018 წელს გამომჟღავნდა. 

რესპუბლიკელები და დემოკრატები TikTok-ის მიმართ მსგავს წინააღმდეგობას ავლენდნენ

საინტერესოა, რომ კონგრესში შუ ზი ჩუს გამოსვლის დროს ამერიკის ორი მთავარი პარტიის - დემოკრატიულისა და რესპუბლიკურის - წევრთა კრიტიკული პოზიციები TikTok-ის წინააღმდეგ ერთნაირი იყო: “მადლობა, ბატონო ჩუ, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები გაგვაერთიანეთ”, - განუცხადა TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს დემოკრატმა, დენ კრენშოუმ. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც, როგორც წესი, ერთმანეთს მუდამ ეწინააღმდეგებიან, TikTok-ის შესახებ საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ. 

აიკრძალება თუ არა TikTok ამერიკაში?

TikTok-ის წინააღმდეგ მიმართული ამერიკული კამპანიების ისტორია, რომელშიც სხვადასხვა დროს მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა და პრეზიდენტებსაც კი ჰქონდათ კრიტიკული პოზიციები, გვაჩვენებს, რომ აპლიკაციის სრულად აკრძალვის შანსები დაბალია

ჯერ კიდევ 2020 წელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავდა TikTok-ის აკრძალვას, თუკი ByteDance-ის ჩინელი მფლობელები კომპანიის წილებს ამერიკელებს არ მიჰყიდდნენ. 2020 წლის აგვისტოს პრეზიდენტმა ტრამპმა  ორი ბრძანება გამოსცა: პირველი ქვეყანაში ჩინური აპლიკაციის აკრძალვას ეხებოდა, ხოლო მეორე ByteDance-ის ჩინელი მფლობელებისგან ამერიკული ბიზნესებისთვის კომპანიის წილების მიყიდვას მოითხოვდა. ტრამპის ეს ბრძანებები საბოლოოდ ვერ აღსრულდა. 

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი დამატება, რომელიც ძირითადად სიტყვის თავისუფლებას ეხება, გამორიცხავს კონგრესის შესაძლებლობას, აკრძალოს აპლიკაცია, რომლითაც 150 მილიონზე მეტი ამერიკელი სარგებლობს, რაც TikTok-ს კრიტიკული დამოკიდებულებების მიმართ საკმაოდ მდგრადს ხდის. კოლუმბიის უნივერსიტეტის Knight First Amendment ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ჯამიელ ჯაფერი აღნიშნავს, რომ TikTok-ის შესაძლო აკრძალვის გამართლებისათვის შეერთებული შტატების კონგრესმა საჯაროდ და ძალიან მყარად უნდა განმარტოს თავისი პოზიცია, რომ, ერთი მხრივ, TikTok ეროვნული უსაფრთხოების საკითხს ლეგიტიმურად წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უსაფრთხოების დაცვის სხვა გზა, გარდა აპლიკაციის აკრძალვისა, არ არსებობს.