LIVE

IMF-მა უკრაინის დასახმარებლად $15.6 მილიარდი გამოყო

22 მარ 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 442
IMF-მა უკრაინის დასახმარებლად $15.6 მილიარდი გამოყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განაცხადებით, უკრაინისთვის $15.6-მილიარდიანი დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი სესხს ომში მყოფი ქვეყნისთვის გამოყოფსკრედიტის საბოლოოდ დამტკიცებისთვის IMF-ის აღმასრულებელი საბჭოს თანხმობაა საჭირო. მოსალოდნელია, რომ სესხი მომდევნო კვირებისთვის ოფიციალურად დამტკიცდება.

IMF-მა ახლახან შეცვალა სახელმწიფოებისათვის დაკრედიტების პირობები და დაუშვა სესხის დამტკიცება ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც "განსაკუთრებით სერიოზული გაურკვევლობის" პირობებში იმყოფებიან: "უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკრაინის ეკონომიკაზე დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. ეკონომიკური აქტივობა 2022 წელს 30%-ით შემცირდა, განადგურდა დიდი ოდენობით კაპიტალი, ხოლო სიღარიბის დონე გაიზარდა",- განაცხადა IMF-ის წარმომადგენელმა, გევინ გრეიმ. მან ისიც აღნიშნა, რომ "პროგრამა დაფინანსების ახალი პოლიტიკის შედეგად შემუშავდა და იგი უნდა დაეხმაროს უკრაინას, გამოვიდეს განსაკუთრებულად მაღალი დონის გაურკვეველი ეკონომიკური მდგომარეობიდან. აღნიშნულ პროგრამაში G7-სა და ევროკავშირის ქვეყნები დაფინანსების ძლიერი დონორები იქნებიან."

აღნიშნული დახმარების საკითხი IMF-ში უკვე რამდენიმე თვეა განიხილება და იგი დიდ მნიშვნელობას ატარებს. ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, რუსეთის უახლესი თავდასხმების შედეგად უკრაინის განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას წელს დაახლოებით $8 მილიარდზე მეტი დასჭირდება. შესაბამისად, თუკი IMF-ის სესხი ოფიციალურად დამტკიცდა, უკრაინას იგი მნიშვნელოვნად გამოადგება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიღმა, ბრიტანეთმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას დასახმარებლად ურანის შემცველი სატანკო საბრძოლო მასალა გაუგზავნოს. აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა: “თუკი დასავლეთი ატომური საბრძოლო მასალების გამოყენებას დაიწყებს, რუსეთს მოუწევს, იმავეთი გასცეს პასუხი მათ”. - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

ბრიტანეთის გარდა ამერიკის შეერთებული შტატებიც უგზავნის უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას. პენტაგონის წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა, Reuters-ს განუცხადა, რომ შემოდგომამდე უკრაინას ამერიკისაგან 31 აბრამსის ტიპის საბრძოლო ტანკი გადაეცემა. 

რუსეთის ომი უკრაინაში უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება. ომში ორივე მხარემ სერიოზული ზარალი განიცადა. უკრაინა დასავლეთს მეტი სამხედრო დახმარების მიწოდებისაკენ მოუწოდებს: “საკითხი, რომელიც მუდამ საყურადღებოა, საბრძოლო მასალის მიწოდებაა პარტნიორებისაგან, რომლებიც მხარს გვიჭერენ. ჩვენ ველით გაზრდილ სამხედრო დახმარებას და ზუსტად იმის მიწოდებას, რაც ამ მომენტში გვჭირდება”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ევროკავშირის ქვეყნებმა ორშაბათს უკრაინას პირობა მისცეს, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ქვეყანას 1 მილიონ ერთეულ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიან. 

საგულისხმოა, რომ უკრაინისათვის დასავლეთის  უახლესი სამხედრო-ეკონომიკური დახმარებების ფონზე, მიმდინარე კვირას მოსკოვს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში საინტერესო განცხადებები და პოზიციები გაჟღერდა. 

სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა

სი ძინპინმა პუტინს სოლიდარობა გამოუცხადა, თუმცა ომში რუსეთის მხარდასაჭერი პირდაპირი მოწოდება არ გაუკეთებია. მოსკოვში თავისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტს უკრაინაში მიმდინარე ომი თითქმის არ უხსენებია. მან მხოლოდ სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთს საკითხთან დაკავშირებით “მიუკერძოებელი პოზიცია” უჭირავს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა, ერთი მხრივ, განაცხადა, რომ ომთან მიმართებით ჩინეთის პოზიცია სრულიადაც არაა მიუკერძოებელი, ხოლო, მეორე მხრივ, მან ჩინეთს მოუწოდა, გააძლიეროს წნეხი რუსეთზე, რათა პუტინმა ჯარები გამოიყვანოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიებიდან და II მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი დაამთავროს. 

მიუხედავად ამისა, სი ძინპინი ტოვებდა თუ არა მოსკოვს, კიევისა და უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონების თავზე რუსული საჰაერო სირენების ხმა გაისმა. გავრცელდა ინფორმაცია დრონების თავდასხმის შესახებ, თუმცა აღნიშნულს სერიოზული მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში სიმ და პუტინმა ერთმანეთი ძვირფას მეგობრებად მოიხსენიეს, სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დადებითად წარმოაჩინეს. 

საერთო განცხადებაში ორივე ქვეყნის ლიდერების მხრიდან გაისმა მსგავსი რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ. მათი თქმით, ვაშინგტონი ძირს უთხრის გლობალურ სტაბილურობას, ხოლო NATO აზიის წყნარი ოკეანის აუზში უსამართლოდ ერევა. ორი ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა “სამხედრო-პოლიტიკურ” ალიანსს არ ეფუძნება. 

უკრაინასთან დაკავშირებით პუტინმა მოიწონა სი ძინპინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა გასულ თვეს წარადგინა. რუსეთის ლიდერმა კიევი და დასავლეთი აღნიშნულ გეგმაზე უარის თქმისათვის დაადანაშაულა. დასავლეთი ჩინეთის სამშვიდობო შემოთავაზებას სხვაგვარად უყურებს და განიხილავს როგორც გეგმას, რომელიც რუსეთს სამხედრო ძალების მობილიზებისათვის დროს მისცემს. 

ჩინეთის 12-პუნქტიან გეგმაში ბუნდოვნადაა განხილული, თუ როგორ შეიძლება დამთავრდეს რუსეთის სისხლიანი ომი უკრაინაში, რომელმაც უკვე ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით უკრაინელს კი ქვეყნიდან გაქცევა აიძულა. 

ამ ყველაფრის ფონზე, დასავლეთი სანქციებით აგრძელებს რუსეთის იზოლაციას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კი პუტინი დამნაშავედ გამოაცხადა. ჩინეთის პრეზიდენტი დასავლეთის არცერთ ნაბიჯს უჭერს მხარს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული.