LIVE

ეკონომიკური ასფიქსია კრემლს ჩინეთის ორბიტაზე აყენებს

25 მარ 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1130
ეკონომიკური ასფიქსია კრემლს ჩინეთის ორბიტაზე აყენებს

2022 წელს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით შემცირდა, თუმცა სამომავლო მოლოდინები ბევრად უფრო პესიმისტურია. დასავლური სანქციების შედეგად რუსეთი საგარეო ბაზრებს მოწყვეტილია შესაბამისად, პუტინის მთავრობა ვერ უმკლავდება ბიუჯეტის დეფიციტს, რისი გამოსწორებაც არასაომარ ვითარებაში შესაძლებელი იქნებოდა.

Reuters-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში მიმოხილულია რუსეთის წინაშე არსებული ფისკალური გამოწვევები და საერთაშორისო იზოლაციის გამო ფინანსებზე შეზღუდული წვდომის პირობებში, კრემლის დამოკიდებულების ზრდა ჩინეთზე.

რუსული ეკონომიკის წინაშე დაფინანსების პრობლემა დგას, ქვეყანას მიმდინარე წელს სავარაუდოდ $90 მილიარდი დასჭირდება. ფინანსური პრობლემების გამო, რუსეთი ჩინური გავლენების ქვეშ ექცევა. მიმდინარე კვირას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვშიც ჩავიდა

რუსეთის ფისკალური დეფიციტი გასულ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.3%-ს შეადგენდა. კრემლის პროგნოზით, 2023 წლისთვის დეფიციტი მშპ-ს 2%-მდე უნდა შემცირდეს, რითაც სახელმწიფო დაფინანსებების საჭიროებები დაახლოებით $40 მილიარდი გახდება. 

ჩვეულებრივ, არასაომარ ვითარებაში ამ თანხების მოძიება რთული არ იქნებოდა, თუმცა უკრაინაში შეჭრა, რასაც დასავლეთის მხრიდან რუსეთზე დაწესებული მძიმე ეკონომიკური სანქციები მოჰყვა, ნიშნავს, რომ პუტინისთვის ეს კარგი დრო არაა. 

დასაწყისისთვის პროგნოზი ოპტიმისტურად გამოიყურებოდა: რუსეთის მთავრობის იმედები ეფუძნებოდა ბარელ ნავთობზე $70-ად ვაჭრობის გეგმას. ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგოს შედეგად რუსული ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა და მიმდინარე წლის პირველი ორი თვისთვის ბარელზე $50 შეადგინა. ამჟამად ერთი ბარელი რუსული ნავთობი დაახლოებით $46 ღირს. 

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით, ყოველ ბარელზე ფასის 10-დოლარიანი ცვლილება ბიუჯეტში $15-მილიარდიან განსხვავებას აღნიშნავს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, 2023 წლის პირველ ორ თვეში რუსეთის ბიუჯეტმა უკვე იზარალა $5 მილიარდი. რუსი ეკონომისტის, ალექს ისაკოვის, აზრით, ბიუჯეტის დეფიციტმა წელს შესაძლოა $90 მილიარდსაც კი მიაღწიოს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5% იქნება. რუსულ ნავთობზე ფასის ვარდნა მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელთაც რუსეთის საბიუჯეტო დეფიციტის აღნიშნულ ნიშნულამდე გაზრდა შეუძლიათ. რუსეთის ხარჯები მუდმივად იზრდება, ხოლო შემოსავლები იკლებს.

ამგვარი საბიუჯეტო დეფიციტის მართვაც კი შესაძლებელი იქნებოდა მშვიდობიანობის პერიოდში, თუმცა რუსეთმა წვდომა დაკარგა მსოფლიო კაპიტალის ბაზრებზე, ხოლო სანქციების გამო რუბლის კურსი მნიშვნელოვნადაა დაცემული. ინვესტორები ქვეყნიდან გავიდნენ. საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების ერთ-ერთი გზა იქნებოდა ხარჯების შემცირება, თუმცა რუსეთის მთავრობა ბიუჯეტის ორ მნიშვნელოვან ნაწილს საერთოდ არ ეხება: სოციალური გადასახადები და პენსიები, რომლებიც საბიუჯეტო დანახარჯების მესამედს შეადგენს, ინფლაციასთან რიცხობრივ შესაბამისობაში და კანონით შემოფარგლულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიმართულებით რუსეთი ხარჯებს ვერ დაზოგავს. საბიუჯეტო დანახარჯების სხვა მიმართულება თავდაცვაა, თუმცა ამ სფეროში, რუსეთის უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდოა, რომ დანაზოგი გაკეთდება: გასულ წელს თავდაცვაზე გათვლილი ხარჯები მესამედით გაიზარდა და $60 მილიარდს მიაღწია. 

რუსეთის მთავრობას სამი გზა რჩება საბიუჯეტო საჭიროებების დასაფინანსებლად. პირველი ვარიანტია ობლიგაციების გამოშვება. ამ შემთხვევაში გაიზრდება ინფლაცია. რუსეთის ბანკს, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 7.5%-ია, სამიზნედ ინფლაციის 4%-იანი მაჩვენებელი აქვს. გასულ წელს ეს მიზანი ვერ შესრულდა, ვინაიდან ფასები 12%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს ვარაუდობენ, რომ ინფლაცია 7% იქნება. ბიუჯეტის დეფიციტის არაპირდაპირი დაფინანსებით რუსეთი მხოლოდ გაზრდის იმ ინფლაციურ ზეწოლას, რომლის ჩახშობაც სურს. 

მეორე მხრივ, რუსეთს შეუძლია გაატაროს ე.წ. “ფინანსური რეპრესიის” პოლიტიკა და ქვეყნის მსხვილი კომპანიებიდან ფული მთავრობის კუთვნილებაში გადაიტანოს. აღნიშნული პოლიტიკა უკვე მუშაობს და იგი რამდენიმე მსხვილ სამთო კომპანიასა და ენერგოგიგანტს ეხება. მაგალითად, Gazprom-ს, რუსეთის უმსხვილეს ენერგეტიკულ ჯგუფს, გასული წლის ბოლოს მოუწია დამატებით 20 მილიარდი დოლარის გადახდა რუსეთის მთავრობისთვის. ამასთან ერთად, გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა, რუსეთის ბიზნესს განუცხადა, რომ “დამატებითი მოგების” გამო მათ სახელმწიფო ბიუჯეტში $4 მილიარდის შეტანა მოუწევთ. 

მესამე ვარიანტად მოსკოვს შეუძლია გამოიყენოს ეროვნული კეთილდღეობის ფონდის რესურსები. ფონდმა 1-ელ მარტს 147 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა აღნიშნული მაინც 23%-ით უფრო ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

რუსი ეკონომისტის, ალექსანდრა პროკოპენკოს, განცხადებით, ფონდის გამოყენება შესაძლოა რუსეთის ეკონომიკას წაადგეს, თუმცა ეს გზა ქვეყანას ჩინეთის ფინანსური ორბიტისაკენ უბიძგებს. გასულ წელს რუსეთმა 60%-მდე გაზარდა ჩინური ვალუტის წილი ეროვნული კეთილდღეობის ფონდში. ახალი კანონპროექტის მიღებით კი ჩინური იუანის წილი რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში 80%-მდე გაიზრდება. იუანისთვის რუსეთი მეოთხე ყველაზე დიდი სავაჭრო ოფშორული ცენტრი გახდა. 

გასულ წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა 34%-ით გაიზარდა. ვაჭრობის ზრდა 2023 წლის პირველ თვეებშიც გრძელდება და იგი ძირითადად ნავთობსა და გაზს მოიცავს. ჩინეთს სავაჭრო დეფიციტი აქვს თავის სხვა მეზობლებთან, რაც რუსეთში იუანის წილსა და როლს ზრდის. მიუხედავად ამისა, იუანის დონეს პეკინის ეკონომიკური და პოლიტიკური ნება განსაზღვრავს, რითაც მოსკოვი უფრო ღრმად ერთვება ჩინეთთან ასიმეტრიულ ურთიერთდამოკიდებულებაში. ეს აუცილებლად შეზღუდავს რუსეთის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ჩინეთთან მიმართებაში. 

მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთისათვის ფინანსური იმედი მხოლოდ ნავთობისა და გაზის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ შეიძლება შექმნას, რაც, სავარაუდოა, რომ არ მოხდება. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ Brent-ის ფასი მიმდინარე წელს დასტაბილურდება, ხოლო 2024 წლისთვის 7%-ით შემცირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი ბარელი რუსული ნავთობი დაახლოებით 55 დოლარად გაიყიდება, რაც მნიშვნელოვნად დაბალი ფასია. 

თუკი პროგნოზები გამართლდა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ფისკალური განადგურების პერსპექტივაზე დგას, ერთადერთი გამოსავალი კი პეკინიდან მომდინარეობს. როგორც ჩანს, აღმოსავლეთ აზიის ორბიტაზე ჩამოკიდება რუსეთისთვის დასავლეთში აგრესიის ფასი აღმოჩნდა.