LIVE

ევროკავშირმა ზამთარი რუსული გაზის გარეშე წარმატებით გადალახა

12 მარ 202317:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 470
ევროკავშირმა ზამთარი რუსული გაზის გარეშე წარმატებით გადალახა

გასული წლის თებერვალში უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ევროკავშირის მძიმე ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ვინაიდან მანამდე რუსეთი ევროპისათვის ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო, გადაწყვეტილებამ ევროკავშირში გაზის კრიზისი გააჩინა: შემცირდა მარაგები და რეკორდულად გაიზარდა ფასები. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა ენერგეტიკული კრიზისი წარმატებით დაძლია.

სანამ უშუალოდ გავეცნობოდეთ კრიზისზე ევროკავშირის საპასუხო პოლიტიკებს, სხვადასხვა მხარის მოლოდინებსა და რეალურ შედეგებს, მანამდე საინტერესოა ვნახოთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები კრიზისის დაწყებამდე. 

რუსეთმა Nord Stream 1 შეაჩერა

Gazprom რუსეთის სახელმწიფოს ქვეშ მყოფი ენერგო-გიგანტი კომპანიაა, რომელიც გასული წლის ზაფხულში ნელ-ნელა ამცირებდა ევროპაში ექსპორტირებული გაზის რაოდენობას. ივნისში 75%-ით - დღეში 170-დან 40 მილიონ კუბურ მეტრამდე - დაიკლო ევროპაში რუსული გაზის მიწოდებამ. ივლისში გაზსადენმა 10 დღით სრულად შეწყვიტა მუშაობა; მიზეზად პროფილაქტიკური სამუშაოები დასახელდა. უკვე იმ დროისთვის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ “ბუნებრივი გაზის მიწოდებას რუსეთი პოლიტიკურ იარაღად იყენებდა”. მას შემდეგ, რაც 21 ივლისს კვლავ აღდგა გაზსადენის მუშაობა, ექსპორტირებული გაზის რაოდენობა კიდევ 2-ჯერ, დღეში 20 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა. საბოლოოდ, Nord Stream 1-ის მუშაობა 31 აგვისტოს სრულად შეწყდა. მიზეზად რუსეთმა ტექნიკური სამუშაოები დაასახელა. რუსული მხარის განცხადებით, დასავლურმა სანქციებმა ხელი შეუშალა Gazprom-ის მიერ ევროპაში გაზის ექსპორტს. 

უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთი ევროპისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო. ევროკავშირს ბუნებრივი გაზის 40%, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 60 მილიარდი კუბური მეტრია, სწორედ Nord Stream 1-დან მიეწოდებოდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი არ იყო დამნაშავე ევროკავშირის მოსალოდნელ ენერგეტიკულ კრიზისში, და თუ ევროპას მეტი გაზი სურდა, მაშინ მას სანქციებზე, რომლებმაც მილსადენების მუშაობას ხელი შეუშალა, უარი უნდა ეთქვა. რეალურად, პუტინი ენერგორესურსებს საგარეო პოლიტიკის იარაღად იყენებდა. საყურადღებოა ისიც, რომ Nord Stream 2-ის გაზსადენის გახსნაზე გერმანიამ უარი თქვა უკრაინაში რუსული ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამგვარად, ევროპა რუსული გაზის გარეშე დარჩა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთს საექსპორტო ბუნებრივი გაზის უდიდესი ბაზარი წაერთვა. 

ევროკავშირი ენერგოკრიზისისთვის ემზადება

აგვისტოს ბოლოს Nord Stream 1 მილსადენმა მუშაობა შეწყვიტა. მოსალოდნელ ზამთარსა და ენერგოკრიზისზე ზრუნვა ევროპის სახელმწიფოებმა სექტემბრიდანვე დაიწყეს. უპირველესად, საჭირო იყო რუსული გაზის სხვა, ალტერნატიული რესურსითა და მიმწოდებლით ჩანაცვლება.

  • რუსულ გაზს თხევადი ბუნებრივი გაზი (LNG)  ჩაანაცვლებს

Nord Stream 1 გაზსადენის მუშაობის შეწყვეტისთანავე ევროპამ ზამთრისთვის მზადება დაიწყო. პირველი შეთავაზება, რომელიც გერმანიის უმსხვილესმა ენერგოკომპანია RWE-მ გააჟღერა, იყო რუსული გაზის ჩანაცვლება თხევადი ბუნებრივი გაზით (LNG).

გაზის მოსალოდნელი კრიზისის მიმართ ყველაზე მოწყვლადი გერმანია იყო, ვინაიდან იგი ევროკავშირის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, უფრო მეტად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე. აქამდე გერმანია წლიურად მოსკოვისაგან 50 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს იღებდა, რომლის ჩანაცვლებისთვისაც ქვეყანას 40 მილიონი ტონა, რუსულზე ბევრად უფრო ძვირი თხევადი გაზი დასჭირდებოდა. ვინაიდან რუსული გაზი ევროპას იაფი უჯდებოდა, LNG-ის სიძვირე გაერთიანებისთვის კიდევ ერთი დაბრკოლება აღმოჩნდა;

გასული ზამთრის შემთხვევაში ევროპას მნიშვნელოვნად დაეხმარა თხევადი ბუნებრივი გაზის მსოფლიო ბაზარზე ჩინური მოთხოვნის შემცირება. პანდემიის შემდეგ ჩინეთში ინდუსტრიული წარმოება შენელდა; ამასთან, ქვეყანამ გაზარდა LNG-ის შიდა წარმოება; შესაბამისად, თხევად გაზზე ჩინეთის მოთხოვნა შემცირდა: იმპორტირებული გაზის რაოდენობამ 2022 წელს 16.3 მილიონი ტონით ნაკლები შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 20%-იან კლებას აღნიშნავს. შესაბამისად, თხევადი გაზის მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 4% დაიზოგა, რითაც ევროპას მარაგების სწრაფად შევსების შანსი გაუჩინა. ამ მხრივ გასული ზამთარი ევროპისთვის წარმატებული აღმოჩნდა. 

რაც შეეხება ექსპორტიორებს, აშშ და კატარი ევროკავშირისთვის თხევადი ბუნებრივი გაზის მთავარი მიმწოდებელი სახელმწიფოები გახდნენ.

  • ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის შემცირება

ენერგოკრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთ ვარიანტად ევროკავშირი გაზზე ფასის ლიმიტის დაწესებას განიხილავდა. თავდაპირველად ბევრი თავად ევროკავშირში სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ შემოთავაზების მიმართ: “პოლიტიკოსები ცდილობენ გაზზე ფასის მკაცრი ლიმიტების დაწესებას, რაც მოთხოვნის შემცირებაში გამოიხატება. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს პოლიტიკურად რთულად მისაღწევი მიზანია” - აცხადებდა RWE-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრე სტრაკე. 

მიუხედავად იმისა, რომ გაზის ფასის ლიმიტზე კონსენსუსის მიღწევა ევროკავშირისთვის  რთული პროცესი აღმოჩნდა, გაერთიანებას უკრაინისათვის ფინანსური, სამხედრო თუ პოლიტიკური დახმარების გადაცემა არ შეუწყვეტია: “ჩვენ ყველა ფინანსური თუ სამხედრო საშუალებით გვსურს, დავეხმაროთ უკრაინას” - ჯერ კიდევ ოქტომბერში აცხადებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ამგვარად, რუსული ბუნებრივი გაზი, როგორც კრემლის ხშირად ნაცადი პოლიტიკური იარაღი, ევროკავშირის პოლიტიკური ნების წინააღმდეგ, მხარი დაეჭირა უკრაინისთვის, ენერგოკრიზისის დაწყებიდანვე არ მუშაობდა. 

ჩეხეთში მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ევროკავშირი ბუნებრივ გაზზე ფასის კონკრეტული ლიმიტის დაწესებასთან  დაკავშირებით დეკემბერში შეთანხმდა. გადაწყვეტილების მიხედვით, ფასებზე ზედა ზღვარი გააქტიურდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი გაზის ფასი 180 ევრომდე გაიზრდებოდა ერთ მეგავატ საათში.

მიუხედავად ამისა, მთავარი მიზეზი, რომლის გამოც მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა გაზზე ევროპაში, იყო უჩვეულოდ თბილი ზამთარი.

  • ევროკავშირის ფისკალური პოლიტიკა

ენერგოკრიზისის მოახლოებასთან ერთად ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ევროპის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობით ახალი ფისკალური პოლიტიკის შემუშავება დასჭირდებოდათ, რათა ოჯახები და კომპანიები მოსალოდნელი ინფლაციის შედეგებისაგან დაეცვათ. საფრანგეთი, გერმანია და სხვა წევრი სახელმწიფოები ჯერ კიდევ სექტემბერში შეთანხმებულნი იყვნენ, რომ თავიანთი მოსახლეობის ინფლაციისაგან დასაცავად ისინი მრავალმილიარდიან დახმარების პაკეტებს გამოყოფდნენ. სრულად ევროკავშირში 282 მილიარდი ევრო უკვე გამოყოფილი იყო იმ დროისთვის.

მოსახლეობისა და ბიზნესების დასახმარებლად თებერვლის თვისთვის ევროპას საერთო ჯამში 800 მილიარდი ევრო ჰქონდა დახარჯული. აქედან ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე 681 მილიარდი ევრო მოდიოდა, დიდ ბრიტანეთზე 103, ხოლო ნორვეგიაზე - 8.1 მილიარდი ევრო. ყველაზე დიდი დახმარება ბიზნესებს გერმანიამ გაუწია, რომელმაც ჯამში 270 მილიარდ ევრომდე გამოყო. ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ საშუალოდ 150 მილიარდიანი დახმარება გაუწიეს  ენერგოკრიზისისაგან დაზარალებულ კომპანიებს. 

  • Baltic pipe - ევროპამ ახალი მილსადენი გახსნა

დამატებით ალტერნატიული რესურსებისა და მიმწოდებლების მონახვისა, ახალი პოლიტიკის შემუშავებისა და დახმარების დიდი პაკეტების გამოყოფისა, ევროპაში ახალი მილსადენი გაიხსნა. ბალტიის მილსადენმა მუშაობა 1-ლ ოქტომბერს დაიწყო. ახალი მილსადენი ამიერიდან უზრუნველყოფდა ევროპისთვის გაზის გადატანას ნორვეგიიდან, რომელიც გაერთიანებისთვის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ქვეყანაა. არსებული მილსადენით ნორვეგია უზრუნველყოფს, დანიის  გავლით პოლონეთამდე ევროკავშირს ყოველწლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი მიაწოდოს. 

ევროპის გაზის კრიზისი: პრორუსული მხარის მოლოდინები

რუსული გაზის გარეშე დარჩენილი ევროპა ზამთრისა და ენერგოკრიზისისთვის ემზადება. პარალელურ რეჟიმში, ძლიერდება პრორუსული რიტორიკა როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. ჟურნალისტი ლალი მოროშკინა „ჯორჯიან თაიმსთან“ ეთერში აცხადებდა, რომ „ევროკავშირი ამ ზამთრისთვის დაიშლებოდა“. მსგავსი რიტორიკა ხშირი იყო ისეთ რუსულ პროპაგანდისტულ ტელევიზიებში, როგორებიცაა RT და Sputnik. მაგალითისთვის, ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში პოლიტიკის ანალიტიკოსი მარტინ ჯეი RT-ის ეთერში აცხადებდა, რომ ევროკავშირი რუსული გაზის გარეშე „აფეთქდებოდა“ და სახელმწიფოები ვერ შეძლებდნენ კრიზისის ერთიანად გადაჭრას. რუსი ეკონომისტი ვლადიმერ როჟანკოსვსკი Sputnik-თან ამტკიცებდა, რომ რუსული გაზის შეწყვეტა ევროპისათვის „კატასტროფა“ იქნებოდა, რაც ეკონომიკურ არასტაბილურობას, ფასების ზრდასა და პოლიტიკურად არეულ გარემოს გამოიწვევდა. ამგვარად, პრორუსული განცხადებები მოსალოდნელი ენერგოკრიზისის შესახებ ევროპისთვის ყოველთვის უარეს სცენარს წარმოადგენდა.

უჩვეულოდ თბილი ზამთარი : ევროკავშირმა კრიზისი დაძლია

მიუხედავად ევროკავშირის ეფექტიანი ძალისხმევისა, ექსპერტთა უდიდესი ნაწილი ევროპის ენერგოკრიზისის წარმატებით დაძლევას უპირველესად უჩვეულოდ თბილ ზამთარს უკავშირებს, რომელმაც მნიშვნელოვნად იმოქმედა საერთო მოთხოვნის შემცირებაზე: “ამინდმა ნამდვილად უდიდესი როლი ითამაშა” - განაცხადა იაკობ მანდელმა, Aurora Energy Research-ის უფროსმა მენეჯერმა. ევროკავშირის მასშტაბით გაზის საერთო მოხმარება აგვისტოდან იანვრის ბოლომდე საშუალოდ 19.3%-ით შემცირდა. ამან ევროპის ქვეყნებს საშუალება მისცა, დაეზოგათ ენერგორესურსები და გაევსოთ ბუნებრივი გაზის მარაგები. მაგალითისთვის, გერმანია 2023 წლის დასაწყისში გასული წლის იანვრის თვესთან შედარებით 25%-ით ნაკლებ გაზს მოიხმარდა. ფინეთში გაზის მოხმარება წინა ზამთართან შედარებით 57%-ით დაეცა, ესპანეთში 14%-ით და ა.შ.

ზამთარი მთავრდება : მდგომარეობა ევროპულ ენერგეტიკაში

ზამთრის დასასრულს ევროპის ენერგეტიკა მოსალოდნელზე უკეთესს მდგომარეობაშია. ომამდელი ევროპის უმსხვილესი მომწოდებელია რუსეთი, ხოლო ზოგიერთი ისეთი ქვეყანა, როგორიც მაგალითად გერმანიაა, მნიშვნელოვნად დამოკიდებული იყო რუსულ გაზზე. ამჟამად გერმანიაში რუსული გაზი საერთოდ აღარ შედის: ევროკავშირმა იმუშავა ენერგეტიკის მოხმარების ალტერნატიულ გზებზე, რითაც აჩვენა, რომ იგი პრინციპულად რუსულ გაზზე დამოკიდებული არაა. 

ამჟამად ევროპის გაზის მარაგების 63% სავსეა. შედარებისთვის, ეს რიცხვი 30%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. 

ზოგიერთი მიმართულებით ევროპას ძალიან გაუმართლა. მათ შორის შეიძლება ვახსენოთ ჩინური მოთხოვნის შემცირება თხევად ბუნებრივ აირზე, რომელიც, შესაბამისად, ევროკავშირს მიეწოდა. 

ომამდე მოსკოვი ევროკავშირს ყოველწლიურად 155 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ გაზს აწვდიდა. გასულ ზამთარს ევროკავშირის სახელმწიფოებმა წარმატებით მოახერხეს, 70 მილიარდი კუბური მეტრის რუსული გაზის სხვა წყაროებით ჩანაცვლება: პირველ რიგში, ეს იყო თხევადი ბუნებრივი გაზი, რომლის იმპორტი ევროკავშირსა და ბრიტანეთში ჯამურად 70%-ით გაიზარდა ისეთი მიმწოდებლებისაგან, როგორებიც იყვნენ აშშ და კატარი. მიუხედავად ამისა, თხევადი ბუნებრივი გაზი ძვირი პროდუქტია, რის გამოც ევროკავშირს დამატებითი ხარჯების გამოყოფა მოუხდა. ამასთან, გაერთიანებამ გაზარდა განახლებადი რესურსების გამოყენებაც. 

გარდა შემცვლელი პროდუქტებისა და წყაროებისა, ევროკავშირი ენერგოკრიზისს მოხმარების შემცირებით შეებრძოლა. ამაში კი გაერთიანებას, პირველ რიგში, უჩვეულოდ თბილი ზამთარი დაეხმარა. 

ევროკავშირის სამომავლო ენერგო გამოწვევები

რუსული გაზის გარეშე დარჩენილმა ევროპამ შესაბამისი ფისკალური პოლიტიკის გატარებით, თხევადი გაზის იმპორტის გაზრდით, ახალი მიმწოდებლების პოვნით, ალტერნატიული, განახლებადი რესურსების განვითარების დაჩქარებითა და, საბოლოოდ, უჩვეულოდ თბილი ზამთრის დამსახურებით, რომელმაც საერთო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა, გასული ზამთარი და ენერგოკრიზისი წარმატებით გადალახა. გაერთიანების წინაშე ამჟამად ახალი გამოწვევა დგას, რაც შეიძლება მზად შემხვდეს 2023 წლის ზამთარს. 

ამჟამად ევროპაში გაზის ფასი ერთ მეგავატ საათზე 50 ევროა . მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფასი გასული წლის აგვისტოს რეკორდულ მაქსიმუმზე (მეგავატ-საათში 340 ევრო) ბევრად დაბალია, იგი მაინც უფრო მეტია, ვიდრე ისტორიული საშუალო მაჩვენებელი. ვიდრე ევროკავშირი რუსული გაზის შემცვლელ იაფ და სტაბილურ მიმწოდებელს არ მოძებნის, მანამდე პრობლემა გადაჭრილად ვერ ჩაითვლება: “მდგომარეობა გაზის ბაზარზე დაძაბული აღარაა, თუმცა არ უნდა გვეგონოს, რომ (ენერგო)უსაფრთხოება მიღწეულია”, - განაცხადა მარკუს კრებერმა, გერმანული RWE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ამჟამად ევროპამ უნდა იზრუნოს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტის ზრდაზე, სამომავლოდ კი გაერთიანება გაზის განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა რესურსებით ჩანაცვლებაზეც ფიქრობს. ამასთან, კავშირმა მოთხოვნის შემცირების პროცესი კვლავ უნდა გააგრძელოს.