LIVE

კრემლი: Gazprom-ის ოპერაციებისთვის ბარიერებს ევროპა ქმნის

01 სექ 202218:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 355
კრემლი: Gazprom-ის ოპერაციებისთვის ბარიერებს ევროპა ქმნის
REUTERS/Hannibal Hanschke/File Photo

კრემლმა ევროკავშირი რუსული ენერგეტიკული კომპანია Gazprom-ის წინააღმდეგ ბარიერების შექმნაში დაადანაშაულა. ევროპაში რუსეთის გაზის ექსპორტი მცირდება და გაზსადენი Nord Stream 1 დაკეტილია ტექნიკური სამუშაოებისთვის.

Gazprom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციები არის მიზეზი იმისა, რომ Siemens Energy ვერ ახორციელებს რეგულარულ ტექნიკურ სამუშაოებს Nord Stream 1-ის ბუნებრივი აირის მილსადენზე, რომლის მუშაობა 3 დღით შეჩერებულია.

კითხვაზე, არის თუ არა რისკი იმისა, რომ გაზსადენი მთლიანად დაიხუროს, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს კითხვა Siemens Energy-სა და Gazprom-ს უნდა მიემართოს.

“თქვენ იცით, რომ მწარმოებელი არის Siemens-ი, ეს არის ძალიან მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა და მსოფლიოში ვერ იპოვით ბევრ კომპანიას, რომელსაც შეუძლია მისი მომსახურება. Gazprom-ი მზად არის და სურს განაგრძოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მაგრამ ევროპულმა მხარემ შექმნა დაბრკოლებები - სამართლებრივი და ტექნიკური, რაც ხელს უშლის Gazprom-ს მუშაობაში”,- განაცხადა პესკოვმა.

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული  დასავლური სანქციები ხელს უშლის Gazprom-ის გაზის ექსპორტს ევროპაში.

Siemens Energy-მ, რომელიც ჩვეულებრივ ემსახურება ტურბინებს, განაცხადა, რომ არ მონაწილეობდა სარემონტო სამუშაოებში, რომელსაც ახორციელებს Gazprom-ი კომპრესორულ სადგურზე.

რუსული ენერგოგიგანტის განცხადების თანახმად, მილსადენის დახურვის მიზეზი პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე ერთადერთი მომუშავე ტურბინის "რუტინული ტექნიკური სამუშაოებია".

მილსადენს დღეში დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრის გატარება შეუძლია, თუმცა რუსეთი კვირების განმავლობაში Nord Stream 1-ის მილსადენით გერმანიას გაზს სიმძლავრის მხოლოდ 20%-ის გამოყენებით აწვდის. რუსეთი ამის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.