LIVE

აფხაზეთი ღვინოს ბელარუსში გაიტანს - რუსული მედია

01 მარ 202312:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 474
აფხაზეთი ღვინოს ბელარუსში გაიტანს - რუსული მედია
ApsnyPress

სოხუმის დე-ფაქტო მთავრობა ბელარუსთან აფხაზური ღვინოების მიწოდებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით, რუსული საინფორმაციო სააგენტო Ria.ru ავრცელებს

გამოცემის თანახმად, გასულ კვირას აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია იმყოფებოდა მინსკში, სადაც ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა. 

ჩვენი ბიზნეს სუბიექტები უკვე აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებებს და კონტრაქტებს ბელარუსის რესპუბლიკისთვის აფხაზური ღვინის მიწოდების თაობაზე. განიხილება აგრეთვე სხვა სასაქონლო პროდუქცია, რომელიც იწარმოება აფხაზეთში, მეორე მხრივ კი, ბელარუსული საქონელი, მათ შორის რძის პროდუქტები, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკას მიეწოდება“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ მოლაპარაკების შედეგების კომენტირებისას.

სააგენტო ასევე წერს, რომ არძინბას თქმით, სოხუმი და მინსკი განიხილავენ ტურიზმის სფეროში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. 

ბელარუსს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. მიუხედავად ამისა, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. მაშინ ბჟანიამ თქვა, რომ ბელარუსისგან  დამოუკიდებლობის აღიარებას ელიან.   

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თუ ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა რომელიმე ქვეყანასთან $50 მლნ-ზე მეტია, იქ ბელარუსის საელჩო იხსნება.