LIVE

რუსეთიდან წამყვანი ბრენდები გადიან, მაგრამ მათი პროდუქტი კვლავ ხელმისაწვდომია - Reuters

22 თებ 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 887
რუსეთიდან წამყვანი ბრენდები გადიან, მაგრამ მათი პროდუქტი კვლავ ხელმისაწვდომია - Reuters

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლურმა ბრენდებმა რუსეთი დატოვეს, მაგრამ მათი საქონელი ქვეყანაში კვლავ ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ვრცელ მასალას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

მთავარი ცვლილება ეხება მიწოდების არხებს. მყიდველებმა უბრალოდ უნდა იცოდნენ სად ეძებონ სასურველი საქონელი. გამოცემა წერს, რომ გაიზარდა მიწოდების დრო და ზოგიერთი პროდუქტი გაძვირდა.

Reuters აღნიშნავს, რომ საქონლის დიდი ნაწილი სანქციებს არ ექვემდებარება და ტრანსსასაზღვრო ნაკადები ლეგალურია. მოსკოვი სიამოვნებით იღებს ასეთ პროდუქტს, როგორ მარშრუტსაც უნდა გადიოდნენ ისინი.  

ის, რომ კომპანიების გასვლის შემდეგ, მათი საქონელი კვლავ ხელმისაწვდომი რჩება, აჩვენებს მიწოდების ჯაჭვების კონტროლთან დაკავშირებით რა გამოწვევების წინაშე დგებიან კომპანიები ბაზრიდან გასვლის შემდეგ.   

Zara-ს მფლობელმა Inditex-მა რუსეთში 502 მაღაზია დახურა და შემდეგ ისინი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ Daher Group-ს მიჰყიდა.  

საქონელი ახლა ხელმისაწვდომი მცირემასშტაბიანი იმპორტისა და ონლაინ გამყიდველების წყალობით რჩევა. Reuters-ის მიმოხილვამ ექვსი ძირითადი ონლაინ ბაზარი და ათეულ მყიდველთან და გამყიდველთან მოლაპარაკებები გამოავლინა.  

Reuters-ს წყარო უყვება, რომ დასავლური ბრენდების საყიდლად ის ბელარუსში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების უმეტესობამ რუსეთიდან გასვლის პარალელურად ბელარუსიც დატოვა, Inditex-ის შემთხვევაში, ეს ასე არ ყოფილა.

წყარო სააგენტოს უყვება, რომ ბელარუსის გარდა, ტანსაცმელს სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადასული ხალხისგან, სოციალურ ქსელებში არსებული გვერდების მეშვეობითაც ყიდულობს. ისინი გარკვეულ საკომისიოს იღებენ და პროდუქტს რუსეთში აწვდიან.  

მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა გასულ წელს რუსული რუბლის გამყარება და თურქული ლირას გაუფასურება. ნაწილობრივ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მიწოდების სერვის CDEK Forward-ზე თურქეთიდან მიწოდება შვიდჯერ გაიზარდა. 

მიწოდების ჯაჭვების მოშლის გამო, რუსეთმა ე.წ. პარალელური იმპორტი დააკანონა, რაც საცალო მოვაჭრეებს საშუალებას აძლევთ, რომ უცხოეთიდან პროდუქტები სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე შეიტანონ. 

ელექტრონული კომერციის საიტები იმპორტირებული საქონლის ფართო სპექტრს ყიდიან და გამყიდველები, რეკლამის მიზნით, ხშირად მიუთითებენ, რომ მათ პროდუქტი უცხოეთიდან შეაქვთ. 

ბაზრის ლიდერი Wildberries-ი Inditex-ის ბრენდების ძველ მარაგს ყიდის და Zara-ს კატალოგში თითქმის 17000 პროდუქტი აქვს. Inditex-თან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ეს ის შემორჩენილი საქონელია, რომელიც კომპანიას რუსეთში საქმიანობის შეჩერებისას ჰქონდა.  

ერთ-ერთი დასავლური პროდუქტი, რომელსაც Wildberries, Ozon და Yandex Market ყიდიან, არის Coca-Cola. ხშირად ამბობენ, რომ იმპორტირებულია, რათა მყიდველები მის ნამდვილობაში დარწმუნდნენ.   

მიუხედავად იმისა, რომ Coca-Cola-მ გასულ წელს რუსეთში სასმელების წარმოება და გაყიდვა შეწყვიტა, ის ქვეყანაში სხვებს შეაქვთ. ბოთლის და ქილის ეტიკეტზე მითითებულია, რომ ისინი შეტანილია იყო ევროპიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ჩინეთიდან.

პარალელურად, Coca-Cola-ს რუსმა კონკურენტებმა გაზარდეს წარმოება და გამოუშვეს ახალი Cola სასმელები. 

ზოგიერთი ბრენდი წლობით ებრძვის მათი ასლების დამზადების შემთხვევებს და არაავტორიზებულ იმპორტს. IKEA-მ განაცხადა, რომ ის ეძებს საქონელს, რომელიც IKEA-ს მსგავსი სახელით იყიდება.

სპეციალისტების შეფასებით, არაფორმალური მიწოდების ჯაჭვებმა შეიძლება რუსეთში უფრო მეტი უხარისხო პროდუქტის შედინება გამოიწვიოს, რადგან მარეგულირებლები მასზე ზედამხედველობას ვერ ახორციელებენ.