
Instagram-ის and Facebook-ის მომხმარებლებისთვის ვერიფიკაციის ნიშნის მიღება ფასიანი ხდება.
როგორც სოციალური ქსელების მშობელ კომპანია, Meta-ში განმარტავენ, ვერიფიკაციის ანუ ე.წ. ლურჯი ნიშნის მიღება, თვეში $11,99 ეღირება, ხოლო უშუალოდ iPhone-ის მომხმარებლებისთვის - $14,99.
სიახლე მიმდინარე კვირიდან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ამოქმედდება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ფასიანი ვერიფიკაცია სხვა ქვეყნებშიც "მალე" ამოქმედდება. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი სოციალური მედიის პლატფორმებზე უსაფრთხოებისა და ავთენტურობის ნაწილს გააუმჯობესებს.
Meta-ს მტკიცებით, ლურჯი ნიშანი მომხმარებლებს პოსტების ნახვების და ზოგადად, ჩართულობის გაზრდაში დაეხმარება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სისტემა არ გავრცელდება უკვე დამოწმებულ ანგარიშებზე.
მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა 2022 წლის ნოემბერში Twitter-ის მომხმარებლებისთვის პრემიუმ Twitter Blue აამოქმედა და გადახდის სისტემა დანერგა, ფაქტია, ეს მიდგომა სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც აიტაცეს - მომხმარებლები კი, გაუმჯობესებული მომსახურების მისაღებად, როგორც ჩანს, მზად არიან გადაიხადონ.