LIVE

თურქულმა აქციებმა დანაკარგები დაიბრუნეს

16 თებ 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 297
თურქულმა აქციებმა დანაკარგები დაიბრუნეს

თურქულმა აქციებმა მიწისძვრით გამოწვეული დანაკარგი ერთ დღეზე ცოტა მეტ ხანში აღიდგინეს. Bloomberg-ის თანახმად, ეს საფონდო ბაზრის მხარდასაჭერად მთავრობის ზომებით იქნა მიღწეული.  

საორიენტაციო Borsa Istanbul 100 ინდექსი 7.5%-მდე გაიზარდა, სანამ სტამბოლში 10:29 საათისთვის 6.2%-იანი ზრდა დაფიქსირდებოდა, რაც 26 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალია. 

ინდექსის ორდღიანმა ზრდამ 17%-ს მიაღწია. ასეთი სწრაფი ზრდა 2002 წლის შემდეგ, არ დაფიქსირებულა. მიწისძვრის მეორე დღესთან შედარებით, Borsa Istanbul 100 ინდექსის ზრდამ ასევე 17% შეადგინა.  

აქციების ფასის აღდგენას წინ უძღოდა ხელისუფლების განზრახვა, რომ ათობით მილიარდის აქციების ფასის ვარდნის ტენდენცია შემოებრუნებინა. სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გავლენის მქონე აღმოჩნდა თურქეთის მთავრობის მიერ საპენსიო ფონდებიდან და სახელმწიფო კრედიტორებიდან მილიარდობით ლირას საფონდო ბირჟაზე გადატანა და ყიდვის წახალისება. 

ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, $84.1 მილიარდი შეადგინოს. ამის შესახებ ადგილობრივი ბიზნესჯგუფი აცხადებს. მთავრობის შეფასებით, ეს მაჩვენებელი $50 მილიარდზე მეტია. 

ანგარიშის თანახმად, ხარჯის ძირითადი ნაწილი საცხოვრებელი სახლების, გადამცემი ხაზების და ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, ასევე, უსახლკაროდ დარჩენილი ასობით ათასი ადამიანის თავშესაფრით დაკმაყოფილებაზე მოდის.

IMF-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაჰმუდ მოჰელდინის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე ისეთ ძლიერ გავლენას იქონიებს, როგორიც 1999 წლის მიწისძვრას ჰქონდა. 

მისივე თქმით, სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ აღდგენაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეიძლება მშპ-ს ზრდას ხელი შეუწყოს.

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17.9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა. ადგილობრივი დროით, 13:24 საათზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა კაჰრამანმარასის პროვინციაში დაფიქსირდა. ეს 1939 წლის შემდეგ, ქვეყნის უდიდესი კატასტროფაა.  

BBC-ის თანახმად, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 41000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.