LIVE

თურქეთის ეკონომიკურმა ზარალმა, შესაძლოა, $84 მილიარდს მიაღწიოს

13 თებ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 413
თურქეთის ეკონომიკურმა ზარალმა, შესაძლოა, $84 მილიარდს მიაღწიოს

ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, $84.1 მილიარდი შეადგინოს. ამის შესახებ ადგილობრივი ბიზნესჯგუფი აცხადებს. მთავრობის შეფასებით, ეს მაჩვენებელი $50 მილიარდზე მეტია. 

თურქეთის საწარმოებისა და ბიზნესის კონფედერაციის ანგარიშის თანახმად, ზარალი შემდეგნაირად ნაწილდება: $70.8 მილიარდი ათასობით სახლის შეკეთება, $10.4 მილიარდი ეროვნული შემოსავლების კლება, $2.9 მილიარდი გაცდენილი სამუშაო დღეები.  

ანგარიშის თანახმად, ხარჯის ძირითადი ნაწილი საცხოვრებელი სახლების, გადამცემი ხაზების და ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, ასევე, უსახლკაროდ დარჩენილი ასობით ათასი ადამიანის თავშესაფრით დაკმაყოფილებაზე მოდის. 

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მთავრობა ქვეყნის აღდგენის პროგრამას ამზადებს და სახლების მშენებლობას ერთი წლის განმავლობაში დაასრულებს.  

თურქეთსა და სირიაში გასულ ორშაბათს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 36000-ს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში დაახლოებით 13.4 მილიონი ადამიანი ანუ თურქეთის მოსახლეობის 15% ცხოვრობს და მშპ-ს 10%-ს აწარმოებს.

IMF-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაჰმუდ მოჰელდინის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე ისეთ ძლიერ გავლენას იქონიებს, როგორიც 1999 წლის მიწისძვრას ჰქონდა. 

მისივე თქმით, სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ აღდგენაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეიძლება მშპ-ს ზრდას ხელი შეუწყოს. 

მიუხედავად ამისა, ეკონომისტები და ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მიწისძვრა წელს ეკონომიკურ ზრდას ორი პროცენტული პუნქტით შეამცირებს. მიწისძვრამდე მთავრობამ განაცხადა, რომ 2023 წელს თურქეთის ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდებოდა. 

ამ ზაფხულს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იგეგმება. ეს ერდოღანისთვის, მისი მმართველობის პირობებში, მთავარი გამოწვევა იქნება. 

დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი-საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თურქეთის ხაზინამ ასევე გამოაცხადა ფორსმაჟორული მდგომარეობა და რეგიონისთვის გადასახადების გადახდა გადაავადა.