LIVE

ევროკავშირს მოუწოდებენ, ბანკებს გაყინული რუსული აქტივების შესახებ ანგარიშები მოსთხოვოს

10 თებ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
ევროკავშირს მოუწოდებენ, ბანკებს გაყინული რუსული აქტივების შესახებ ანგარიშები მოსთხოვოს
Andrey Rudakov/Bloomberg

ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ ბანკებს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ღირებულების შესახებ ანგარიშები მოსთხოვოს, თუ მას სურს, რომ სანქცირებული აქტივები უკრაინის რეკონსტრუქციის დასახმარებლად გამოიყენოს. 

ევროკავშირის იურიდიული სამსახურის განაცხადებით, ბლოკის კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, გაყინული აქტივებით განახორციელოს ინვესტიცია და შემოსავალი კიევის დასახმარებლად გამოიყენოს, მაგრამ იქამდე, ოფიციალურმა პირებმა უნდა გაარკვიონ რუსეთის ცენტრალური ბანკის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვა გაყინული აქტივების მასშტაბები. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც მიმდინარე კვირაში ბლოკის წევრ ქვეყნებს გაუზიარეს.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ბანკის 2022 წლის ანგარიშის საფუძველზე, ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ასეთმა აქტივებმა დაახლოებით $258 მილიარდს მიაღწიოს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაცხადებული რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები დაახლოებით $36.4 მილიარდის ღირებულებისაა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ფასდება.

"რუსეთს ასევე მოუწევს გადაიხადოს ნგრევისთვის, რომელიც მან გამოიწვია და მოუწევს წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვარკვევთ, როგორ გამოვიყენოთ რუსეთის საჯარო აქტივები უკრაინის სასარგებლოდ", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ევროკავშირის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბლოკმა უნდა იმუშაოს "შვიდეულის" ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, თუ ის მიზნად ისახავს გაყინული აქტივების ინვესტირებას და შემოსავლების გამოყენებას. ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი გეგმის ფინანსური ვარგისიანობა დამოკიდებული იქნება ევროკავშირის ცენტრალურ და კომერციულ ბანკებში არსებული აქტივების მოცულობაზე.