
საქართველომ Inter RAO-სთან მორიგი საარბიტრაჟო დავა წააგო. საერთაშორისო ტრიბუნალმა საქართველოს რუსული ენერგეტიკული კომპანიის Inter RAO-ს ჰოლანდიური შვილობილი კომპანიებისთვის $75.9 მილიონის გადახდა დააკისრა.
საუბარია Gardabani Holdings B.V.-და და Silk Road Holdings B.V. v. Georgia-ზე, რომლებიც ქვეყანას ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით ედავებოდნენ. დავას მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრი განიხილავდა.
13 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს წინააღმდეგ დაკისრებული თანხა განისაზღვრა $75,926,000-ით, რასაც ემატება ტრიბუნალის მიერ გათვალისწინებული მიმდინარე პროცენტი და პროცესის ხარჯები.
ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველომ საქმე ენერგოკომპანიასთან შვედეთის ტრიბუნალშიც წააგო, სადაც ქვეყანას $112 მილიონი დაეკისრა.
Inter RAO-სა და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ ჯერ კიდევ 2021 წელს გადაწყდა. მაშინ მედია წერდა, რომ კომპანია მიღწეულით არ კმაყოფილდებოდა და 2022 წლის მარტში კომპენსაციის თანხის $100 მილიონამდე გაზრდას აპირებდა.
Inter RAO შუალედური კომპანიების საშუალებით ფლობს „თელასის“ აქციების 75%-ს, „თელმიკოს“ აქციების 75%-ს და ასევე „ხრამჰესი I-ს“ და „ხრამჰესი II-ს“. 2020 წელს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია "თელასის" მეწილე გახდა. კერძოდ, მის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, "ბესტ ენერჯი გრუფმა" 32 380 383 ლარად შეიძინა “თელასის” 24.5%-იანი წილი.