LIVE

რუსულმა Интер РАО-მ საქართველოს მთავრობას დავა მოუგო - ekhokavkaza

01 დეკ 202113:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 1290
რუსულმა Интер РАО-მ საქართველოს მთავრობას დავა მოუგო - ekhokavkaza

რუსული მედიის ცნობით, Интер РАО-სა და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა - სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ქართულ მხარეს კომპანიისთვის $80 მილიონის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ekhokavkaza.com ავრცელებს

სარჩელის ავტორები არიან Интер РАО-ს ჰოლანდიაში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიები, რომლებიც ქართულ ჰიდროელექტროსადგურებს "ხრამი-1"-სა და "ხრამი-2"-ს, ასევე TELASI-ს 75%-ს ფლობენ. 

2017 წელს მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ზიანის ასანაზღაურებლად 125 მილიონი ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდნენ, რაც, სავარაუდოდ, ლარის გაუფასურებით იყო გამოწვეული.

რუსულმა კომპანიამ აღნიშნა, რომ მათ ინვესტიციებზე უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს მთავრობის არაერთმა გადაწყვეტილებამ. 

კერძოდ, 2014 წელს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგია შეცვალა. განახლებული ვერსიით, ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდით კომპენსირება გათვალისწინებული არ არის. 

ეს ყველაფერი აისახება ქართული აქტივების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებში და 2013 წელს გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმში, იტყობინება Интер РАО, რომელმაც 2016 წელს საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების გადახედვის თაობაზე მიმართა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქმის კომპანიის სასარგებლოდ დასრულება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების კომპეტენტურმა შინაარსმა განაპირობა.

რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრის, ვადიმ ჩუბაროვის თქმით, საქართველოს მთავრობამ უგულებელყო რუსული კომპანიის ყველა მოთხოვნა და კომპანიას საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. 

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, „თუ საქართველო რუსულ კომპანიას კომპენსაციას არ გადაუხდის, საერთაშორისო კონვენციების პირობების მიხედვით, შესაძლოა საზღვარგარეთ მის ანგარიშებსა და ქონებას ყადაღა დაედოს. 

ადვოკატ ლია მუხაშავრიას თქმით, როგორც სასამართლო პროცესი ასევე,  საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის შინაარსი საიდუმლოდ რჩება, ამიტომ მხარეთა შემდგომი შანსების შეფასება ჯერ კიდევ რთულია. 

იურისტი ამბობს, რომ ქართველი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის განხილვის გარეშე, ეს სიტუაცია კვლავ განმეორდება. გამოცემა წერს, რომ კითხვების ადრესატები არიან იმდროინდელ ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე და მისი მოადგილე, მარიამ ვალიშვილი, რომელიც ამჟამად კერძო ბიზნესში საქმიანობს.

რუსული მედიის ცნობით, Интер РАО მიღწეულით არ კმაყოფილდება და 2022 წლის მარტში კომპენსაციის თანხის $100 მილიონამდე გაზრდას აპირებს.
საქართველოს მთავრობას რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.