LIVE

სააპელაციომ კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ ჰასანოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა - ComCom

14 თებ 202313:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 618
სააპელაციომ კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ ჰასანოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა - ComCom

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელის, ნასიბ ჰასანოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა და კომისიის პოზიცია დაადასტურა. მათივე განმარტებით, სააპელაციომ კომუნიკაციების კომისიის განცხადებები პატივისა და ღირსების შემლახავად არ ცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

„საქმე ეხება 2019 და 2020 წლებში „კავკასუს ონლაინის“ წილების უკანონო გასხვისებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ავტორიზებული პირი ვალდებულია წილების გასხვისების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღოს, რომლის გვერდის ავლითაც, ნასიბ ჰასანოვმა ჯერ კომპანიის არაპირდაპირი 49%-იანი წილი არაკანონიერად შეისყიდა. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 49%-იანი წილის გასხვისებისთვის არაერთი ფინანსური ჯარიმა დააკისრა, ნასიბ ჰასანოვმა 2020 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინის“ 51%-იანი წილიც კვლავ კომუნიკაციების კომისიის გვერდის ავლით არაკანონიერად შეიძინა.

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, ComCom-ის მხრიდან გაკეთდა რამდენიმე საჯარო განცხადება, რის შემდეგაც ნასიბ ჰასანოვი კომუნიკაციების კომისიას პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების კომისიის განცხადებები კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას ისახავდა მიზნად, რათა „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით საზოგადოებისთვის თავის არგუმენტირებული ხედვა გაეზიარებინა“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

2019 წელს ხვიჩა მაქაცარიამ, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ 100%-იან წილს ფლობდა, 49% აზერბაიჯანის მოქალაქეს, ნასიმ ჰასანოვს მიყიდა, ხოლო 2020 წელს დარჩენილი 51%-იც გაასხვისა. „კავკასუს ონლაინის“ აზერბაიჯანულ კომპანია NEQSOL-ზე გასხვისებას კომუნიკაციების კომისია უკანონოს უწოდებს.

2022 წლის ივლისში, მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ შექმნილმა ტრიბუნალმა „ნასიბ ჰასანოვი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის დროებითი ზომების შესახებ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოჰყვა ტრიბუნალის 19 აპრილის გადაწყვეტილებას, რომელშიც მან საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობა, სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების შესახებ, უარყო და დე ფაქტო აღიარა ნასიბ ჰასანოვის მტკიცებები.