
ბიზნესომბუდსმენის აპარატი დებულების გარეშე საქმიანობს, რაც მისი საქმიანობის შეფასებას შეუძლებელს ხდის,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
2018-2021 წლებში ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის წესი სწორედ დებულებით უნდა განსაზღვრულიყო, შესაბამისად, დებულების არარსებობის გამო, შეუძლებელია შეფასდეს აპარატის საქმიანობა, სტრუქტურა, თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილება და ის თუ, რამდენად ეფექტიანად ხდება არსებული საკადრო რესურსის გამოყენება.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს ბიზნესსუბიექტების განცხადებებზე რეაგირების ნაკლოვანებებია.
"ზოგიერთ შემთხვევაში, აპარატის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი განცხადებები და მათზე რეაგირების შედეგების შესახებ განმცხადებლებისათვის გაგზავნილი წერილობითი პასუხები. აპარატის განმარტებით, რიგ შემთხვევებში ბიზნესსუბიექტების მიმართვები და მათზე პასუხი ზეპირი კომუნიკაციით ხორციელდებოდა; ასევე ზოგიერთ შემთხვევაში არ ხდებოდა მიღებული მიმართვების და რეაგირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის დოკუმენტურად დადასტურება.
აქედან გამომდინარე, ვერ მივიღეთ საკმარისი დოკუმენტური რწმუნება, აპარატის მიერ მიღებულ განცხადებებზე დროული და სრულყოფილი რეაგირების შესახებ",- აღნიშნულია ანგარიშში.
ასვე ირკვევა, რომ განცხადებების მიღების ელექტრონული პორტალის ტექნიკური ხარვეზებით მუშაობს. პორტალმა ფუნქციონირება მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით, 2018 წლის 1 ივნისიდან დაიწყო.
აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ რეკომენდაციის ან შუამდგომლობის გაცემა რიგ შემთხვევებში დოკუმენტურად არ დასტურდება, რაც ვერ უზრუნველყოფს აპარატში ინსტიტუციური მეხსიერების არსებობას და ხელს უშლის საკითხებისადმი სისტემურ მიდგომას.
ნაკლოვანებებია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგშიც. აპარატის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი პასუხები რეკომენდაციების ნაწილობრივ ან სრულად გაუთვალისწინებლობის შესახებ, სათანადო დასაბუთებით. შესაბამისად, გაურკვეველია რის საფუძველზე მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილებები. აპარატის ინფორმაციით, რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის პროცესში, უმეტეს შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაცია ხორციელდება არა წერილობითი, არამედ ზეპირი ფორმით.
ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ცნობადობის და აქტივობის ძირითადი კომპონენტია საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა, სამიზნე ჯგუფებთან ინტენსიური კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის კვლევით მათი მოლოდინებისა და საჭიროებების განსაზღვრა. თუმცა, გამოვლინდა, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატს არ გააჩნია ინფორმაცია ბიზნესსექტორში მისი საქმიანობის და უფლებამოსილების ცნობადობის შესახებ. ბიზნესსექტორში ცნობადობის ნაკლებობით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ გარკვეულ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენს მიმართავენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც სცილდება მის კომპეტენციას. ამასთანავე, 2018-2021 წლებში ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ არ განხორციელებულა საკმარისი ღონისძიებები მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც 2020 წლის ბოლოს მიხეილ დაუშვილი პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2022 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა.