LIVE

ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა

09 თებ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 479
ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ დანელიას შეხვდა და  მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

„მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და აღნიშნულ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება, ვინაიდან ბიზნესის განვითარება ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოთარ დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც 2020 წლის ბოლოს მიხეილ დაუშვილი პარლამენტის დეპუტატი გახდა. 

ამასთან, კვლავ ვაკანტური რჩება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა.