LIVE

ინფრასტრუქტურულ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ინდექსაციის მოდელით ₾1.7 მლნ აუნაზღაურდათ

11 თებ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 628
ინფრასტრუქტურულ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ინდექსაციის მოდელით ₾1.7 მლნ აუნაზღაურდათ

ინდექსაციის მოდელის ამოქმედებიდან 3 თვის თავზე, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს თანხები აუნაზღაურდათ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 18 პროექტზე დასკვნა მზადაა, კომპანიებისთვის ჩარიცხული თანხა კი 1.7 მილიონ ლარამდეა, ხოლო 1 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კომპანიასთან საბოლოო პროცედურებზე თანხმდებიან.

როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში აცხადებენ, კომპანიებს პროცესების მიმართ ნდობა გაუჩნდათ და ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მათგანი ითხოვს, რომ ინდექსაციის მოდელი გრძელვადიან სახელმწიფო კონტრაქტებში გაჩნდეს.

"თუ კი სამომავლოდ ინდექსაცია ყველა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის სავალდებულო მექანიზმი გახდება, კომპანიები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, როგორიცაა მშენებლობის გაძვირება თუ სხვა, აღარ იზარალებენ," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას სამშენებლო კომპანია "ინსის" გენერალური დირექტორი ზვიად თოიძე. 

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის მოდელის შემოღება უკრაინაში მიმდინარე ომის და მის შედეგად მკვეთრად გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე გააქტიურდა, რადგან კომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პროექტებს ვეღარ დაასრულებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა "საჯარო შესყიდვების შესახებ" ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ინდექსაციის მოდელს არ ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში კი ცდილობენ, რომ ინდექსაციის ჩანაწერი სამომავლოდ კანონქვემდებარე აქტებში აისახოს.

როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ინდექსაციის შემოღება კარგია, თუმცა ერთადერთი რისკი რაც ამ ეტაპზე რჩება ისაა, რამდენად არის და იქნება ინდექსაციის მოდელი ერთნაირად სამართლიანი მსხვილი და შედარებით მცირე კომპანიებისთვის. რადგან მოდელის ამოქმედებიდან დღემდე არა ერთ კომპანიას პროცესების მიმართ უნდობლობა ჰქონდა გაჩენილი, ასევე იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზუსტად არ იცოდნენ, რას ითვალისწინებდა ინდექსაციის მოდელი. 

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის მოდელი ოქტომბერში ამოქმედდა, კომპანიებმა კი თანხების ასანაზღაურებლად განაცხადები შეავსეს. განკარგულების მიხედვით, ანაზღაურება 56 კალენდარულ დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.