LIVE

ინფრასტრუქტურულ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ინდექსაციის მოდელით ₾565 418 აუნაზღაურდათ

13 დეკ 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 615
ინფრასტრუქტურულ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ინდექსაციის მოდელით ₾565 418 აუნაზღაურდათ

2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის მოდელი ამოქმედდა და კომპანიებმა თანხების ასანაზღაურებლად განაცხადები შეავსეს.

განკარგულების მიხედვით, სწორედ 2 თვიანი პერიოდი იყო საჭირო იმისათვის, რომ კომპანიებს სახელმწიფოსგან თანხები მიეღოთ. სამინისტროს მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უწყებამ დასკვნა 7 პროექტზე მოამზადა, ხოლო ანაზღაურებული თანხა 565 418 ლარს შეადგენს.

უკვე ანაზღაურებულ პროექტებში მოხვდა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანია "ინსი", სადაც "ბიზნეს ფორმულას" განუმარტეს, რომ დასრულებულ პროექტზე კომპენსაცია დაახლოებით 40 000 ლარის ოდენობით მიიღეს.

"ჩვენ გვქონდა სკოლის მშენებლობის ტენდერი, საქსტატიდან ვნახეთ ასანაზღაურებელი თანხა და 3 კვირა დასჭირდათ ასანაზღაურებლად, ვადები არ გადაუცილებიათ. კიდევ ერთი პროექტი გვაქვს, რომელიც დავასრულეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის პროექტი და ველოდებით უკვე შევიტანეთ განაცხადი", - აცხადებს სამშენებლო კომპანია "ინსის" გენერალური დირექტორი, ზვიად თოიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული ფორმით ინდექსაციის მოდელს ბევრმა კომპანიამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა და მონაწილეობა არ მიიღო. კომპანიებმა დაინახეს რისკი, რომ თუ პროექტის ჩაბარებამდე ინდექსი კლებისკენ წავიდოდა და ფასები სამშენებლო მასალებსა თუ სხვა კომპონენტებზე შემცირდებოდა, კომპანია იზარალებდა და უფრო ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებდა.

კომპანიების მხრიდან ინდექსაციაში ჩართვისაგან თავის შეკავების კიდევ ერთი მიზეზი ჩამკეტი ზღვარია, რის მიხედვითაც ანაზღაურება პროექტის ღირებულების 70%-ზე ვრცელდება და მთავრობა კომპანიებს ზარალის მაქსიმუმ 10%-ს გადაუხდის.

თუ მაგალითისთვის საუბარია პროექტზე, რომლის შესასრულებლად სახელმწიფომ ტენდერი გამოაცხადა, ხოლო კომპანიებს მისი შესრულებისთვის ნახევარი მილიონი ლარი მისცა, ინდექსაციის არსებული მოდელით კომპანია დაახლოებით 35 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

„აშკარაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თვითმიზანი არ არის ის, რომ კომპანიებმა არ იზარალონ, ნებისმიერ ბიზნესს მსხვილი იქნება თუ მცირე, სისტემის მიმართ უნდობლობა აქვთ გაჩენილი",- "ნიაური და კომპანია" მმართველი პარტნიორი, აცხადებს ბადრი ნიაური.

ცნობისთვის, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის მოდელი ოქტომბერში ამოქმედდა, კომპანიებმა კი თანხების ასანაზღაურებლად განაცხადები შეავსეს, განკარგულების მიხედვით, კი ანაზღაურება 56 კალენდარულ დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.