LIVE

საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს - რა იცვლება

11 თებ 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 379
საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს - რა იცვლება

საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს. პარლამენტმა 90 ხმით, მესამე მოსმენით "საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონი მიიღო.

კანონი ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების ფარგლებში მომზადდა და ეხება სატენდერო პროექტებში ჩართულ კომპანიებს, რომელთათვისაც ბევრი რამ იცვლება. მათ შორის, ტენდერებში მხოლოდ დაბალი ფასით გამარჯვება იოლი ვეღარ იქნება და შემსყიდველს მოუწევს გაითვალისწინოს შესაძლო კორუფციისა თუ არაკომპეტენტურობის რისკიც. 

ამასთან, მკაცრდება ე.წ. შავი სიაც, ანუ თუ ძველი კანონმდებლობით კომპანია შავ სიაში მხოლოდ სატენდერო პირობების შეუსრულებლობის გამო ხვდებოდა, ახლა ტენდერამდე არსებული მდგომარეობის გამოც შეიძლება შეეზღუდოს მონაწილეობა. სიახლეა ისიც, რომ საჯარო შესყიდვის სპეციალისტები დაექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას, რისი მიზანი საჯარო შესყიდვების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება და სფეროში მეტი სერტიფიცირებული პროფესიონალის დასაქმებაა. 

როგორც სპეციალისტები "ბიზნეს ფორმულას" უყვებიან, რიგი დებულებები ისე გადმოითარგმნა, რომ ქართულ რეალობასთან ბოლომდე მორგებული არაა. 

"ფორმების გარდა იცვლება ზოგადი დებულებებიც, იგივე შავ სიასთან მიმართებით, კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და სხვა, რაზეც ევროდირექტივა მკვეთრ მითითებებს იძლეოდა. ჩვენმა მხარემ კიმ ყველაფერი ძალიან პირდაპირ გადმოიტანა ხშირ შემთხვევაში მოქნილობის გარეშე, რამდენად სწორი იყო ყველა შემთხვევაში ეს სხვა საკითხია,"- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა საბახტარიშვილი.

ცნობისთვის, "საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე კი უნდა შეიქმნას კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც ზოგადი და ყოვლისმომცველი აქტები დაკონკრეტდება.