LIVE

რუსეთი მარტში ნავთობის დღიურ წარმოებას 500 000 ბარელით ამცირებს

10 თებ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
რუსეთი მარტში ნავთობის დღიურ წარმოებას 500 000 ბარელით ამცირებს

რუსეთი გეგმავს, რომ მარტში ნედლი ნავთობის მოპოვება დღეში 500 000 ბარელით შეამციროს. რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას დასავლეთის მიერ მიღებული ზომების საპასუხოდ იღებს.  

"რუსეთი მიიჩნევს, რომ რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების შეზღუდვის მექანიზმი არის ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში და კოლექტიური დასავლეთის მიერ დესტრუქციული ენერგეტიკული პოლიტიკის გაფართოება. მარტში წარმოების შემცირება უზრუნველყოფს საბაზრო ურთიერთობების აღდგენას," - თქვა ნოვაკმა. 

სიახლის გავრცელების შემდეგ, ნედლი ნავთობი გაძვირდა. ბრენტის ტიპის ნავთობმა დანაკარგი აღიდგინა და მისი ფასი 2.5%-ით, $86.6-მდე გაიზარდა.

წარმოების შემცირებაზე კრემლმა არაერთხელ მიანიშნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა რუსული ექსპორტის ფასის შეზღუდვის შესახებ განხილვები დაიწყეს. გასული წლის ბოლოს ნოვაკმა თქვა, რომ ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების საპასუხოდ, 2023 წლის დასაწყისში რუსეთი ნავთობის მოპოვებას 5-7%-ით შეამცირებდა. დღეს გაჟღერებული 500 000 ბარელი იანვარში მოპოვებული ნავთობის დაახლოებით 5%-ია. 

რუსული ნავთობის წარმოების ბოლო დიდი ვარდნა დაფიქსირდა აპრილში, როდესაც, სანქციების დაწესების შემდეგ, ის თითქმის 9%-ით დაეცა. მას შემდეგ რუსეთმა, აზიის ქვეყნების ხარჯზე, მოახერხა ნავთობის გაყიდვის ლოგისტიკური ჯაჭვების შექმნა.

ნავთობიდან რუსეთის შემოსავალმა ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლო, რამაც ხელი შეუწყო ბიუჯეტის უდიდეს დეფიციტს. ბიუჯეტის მსგავსი დეფიციტი, ანუ ხარჯების გადაჭარბება შემოსავალზე, რუსეთში მინიმუმ 1998 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.