LIVE

ლირა უფასურდება - როგორ შეიცვლება თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ფასი?

09 თებ 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 790
ლირა უფასურდება - როგორ შეიცვლება თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ფასი?

ბოლო დღეებში ლირას სწრაფი ტემპით გაუფასურების ფონზე, ადგილობრივი იმპორტიორები ელიან, რომ მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში, მეზობელი ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია გაიაფდება. საუბარია ისეთ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა შაქარი, წიწიბურა, ზეთი და სხვა. 

ლირას გაუფასურება თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შემდეგ დაიწყო. ამ დროისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 1 დოლარის ღირებულება 18.83 ლირას შეადგენს, რაც ბოლო ათწლეულის უმაღლესი მაჩვენებელია.

როგორც "საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის" პრეზიდენტი, ივა ჭყონია "ბიზნეს ფორმულასთან" ამბობს, ტენდენციის ამგვარად გაგრძელების შემთხვევაში, თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქტიც დამატებით კიდევ გაიაფდება. 

"თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, ლირას გაუფასურება ფასებზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება. საუბარია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა წიწიბურა, ზეთი და ა.შ. ფასების კლება, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში, შესაძლოა ათ დღეშიც, საბითუმო ბაზარზე უკვე აისახოს, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქტებზე სწრაფად ხდება როგორც ფასის მატება, ისე კლება. აქედან გამომდინარე, ლირას გაუფასურება რამდენადაც მტკივნეულია თურქეთისთვის, იმდენად მომგებიან პოზიციაში იქნებიან მისი პარტნიორები, რომლებიც მეზობელ ქვეყანასთან ლირაში ვაჭრობენ", - განმარტავს ივა ჭყონია.

ლირას გაუფასურების ფონზე თურქულ პროდუქციაზე ფასების კლებას ელიან გადამზიდავი კომპანიებიც. Kiwipost-ის საოპერაციო დირექტორის, ქეთევან შანიძის თქმით, ადგილობრივი მომხმარებლები თურქეთის ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე აქტიურად ვაჭრობენ და ამის მთავარი მიზეზი სწორედ დაბალი ფასებია, თუმცა მომდევნო კვირებში პროდუქციის შეძენას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო იაფად შეძლებენ. 

"ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Trendyol დღეს საქართველოში ალბათ ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია. მაღალ მოთხოვნას ცხადია განაპირობებს ფასები, რომელიც შედარებით დაბალია და ახლა, როცა ლირა დამატებით კიდევ უფასურდება, თანაც ვხედავთ რომ კურსის ვარდნა საკმაოდ სწრაფია, ცხადია თუ ასე გაგრძელდა, მომხმარებლებიც ბევრად იაფად შეძლებენ სასურველი ნივთის გამოწერას. იქნება ეს სურსათი, ტანსაცმელი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა", - ამბობს ქეთევან შანიძე. 

აღსანიშნავია, რომ ლირას გაუფასურება არ შეეხება მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილ მედიკამენტების ფასებს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნაწილში თურქეთში მოქმედებს ფიქსირებული კურსი. დაგეგმილია, რომ ეს კურსი მომდევნო თვეში უნდა გადაიხედოს.

ცნობისთვის, ლირას გაუფასურება ბოლო რამდენიმე წელია გრძელდება. წლიურ ჭრილში თურქული ლირა 28.6%-ით გაუფასურდა, ხოლო ბოლო 5 წელში 80%-ით. მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი შემსუბუქებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, რაც პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირადი გადაწყვეტილებაა.

თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს საქართველოსა და თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა. თუმცა ამ მთლიანი თანხიდან თითქმის 2 მილიარდ-ნახევარი იმპორტზე მოდის. შედეგად, საქართველოს მიერ ნაყიდი საქონლის 17.6% სწორედ თურქეთიდანაა.