
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებმა, ვისაც ჯერ კიდევ არ აუღია A კატეგორიის ნებართვა, 20 მარტამდე უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ აპრილს, სისტემა არ გასცემს უვადო ნებართვებს.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, პირველი აპრილიდან ახალი მოდელი ამოქმედდება.
„როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. ამ სიახლესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას: გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და სრულ მზადყოფნაში არიან, რომ დაეხმარონ და კონსულტაცია გაუწიონ ყველა დაინტერესებულ პირს; შეიქმნა ვიდეოგზამკვლევი და საინფორმაციო ბროშურა; მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და შესაბამის უწყებებთან თანხმდება. ამის შემდეგ კი, დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად გადაიგზავნება.
„კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს, კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემა A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება.
მინდა, მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ვერ დაინახავს ამ ადამიანებს და მათთვის პირველ აპრილს არ გასცემს უვადო ნებართვებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.