LIVE

საჰაერო ბურთის ინციდენტის შემდეგ, ჩინეთი ამინდის ბიუროს უფროსს ცვლის

06 თებ 202312:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1032
საჰაერო ბურთის ინციდენტის შემდეგ, ჩინეთი ამინდის ბიუროს უფროსს ცვლის

ჩინეთმა ამინდის ბიუროს უფროსი შეცვალა, რაც ანალიტიკოსებმა აღიქვეს ქვეყნის მცდელობად, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ გასულ კვირას აშშ-ში აღმოჩენილი ბურთი მეტეოროლოგიური მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.

სახელმწიფო საბჭოს, ჩინეთის მთავრობის კაბინეტს, ჟუანგ გუოტაის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი და მისი შემცვლელი არ დაუსახელებია. 

უცნობია, საკადრო ცვლილება უკავშირდება თუ არა საჰაერო ბურთის ინციდენტს. მარტში ეროვნული სახალხო კონგრესის შეხვედრამდე, ჩინეთის მთავრობა საკვანძო თანამდებობის მქონე პირებს ცვლის. ამასთან, ჟუანგი 60 წლისაა. როგორც წესი, ამ ასაკში ჩინელი ოფიციალური პირები საკანონმდებლო ან პოლიტიკური ორგანოების მრჩეველთა საბჭოებში გადადიან. 

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსებისთვის ეჭვს აჩენს მისი გათავისუფლების დრო. გასულ კვირას შეერთებული შტატების სივრცეში ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბურთის გამოჩენის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პეკინში ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადადო. ბურთი, რომელიც აშშ-ის მტკიცებით, სამხედრო ობიექტების თვალთვალისთვის გამოიყენებოდა, საბოლოოდ შაბათს F22 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის ერთი რაკეტით ჩამოაგდეს. 

"ეს იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სადაზვერვო ბურთი. ამ სადაზვერვო ბურთმა მიზანმიმართულად გაიარა შეერთებულ შტატებსა და კანადაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ის სამხედრო ობიექტების მონიტორინგს ცდილობდა", - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.

ბურთის ჩამოგდება ჩინეთმა დაგმო და გადაჭარბებული რეაქცია უწოდა. ამასთან, მან აშშ საერთაშორისო პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაში დაადანაშაულა.  

"ჩინეთი მტკიცედ დაიცავს შესაბამისი კომპანიის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შემდგომი რეაგირება", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

შემთხვევა ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს.