LIVE

პეკინის პასუხი - როგორ აისახება საჰაერო ბურთის ჩამოგდება აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე

05 თებ 202319:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 584
პეკინის პასუხი - როგორ აისახება საჰაერო ბურთის ჩამოგდება აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე
Brian Branch/Brian Branch

ეს შაბათ-კვირა აშშ-ისა და ჩინეთს შორის ურთიერთობაში წინგადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩასვლას გეგმავდა, რაც ოთხზე მეტი წლის განმავლობაში, პირველი მსგავსი ვიზიტი იქნებოდა. 

მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატების სივრცეში ჩინეთის საჰაერო ბურთის გამოჩენის შემდეგ, ბლინკენმა ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადადო. ბურთი, რომელიც აშშ-ის მტკიცებით, სამხედრო ობიექტების თვალთვალისთვის გამოიყენებოდა, საბოლოოდ გუშინ F22 ტიპის თვითმფრინავის ერთი რაკეტით ჩამოაგდეს. 

"ეს იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სადაზვერვო ბურთი. ამ სადაზვერვო ბურთმა მიზანმიმართულად გაიარა შეერთებულ შტატებსა და კანადაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ის სამხედრო ობიექტების მონიტორინგს ცდილობდა", - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.

თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლებამ უარყო, რომ საჰაერო ბურთი ჯაშუშური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მისი განცხადებით, ბურთი იყო ამინდის კვლევის სამოქალაქო მანქანა, რომელმაც ტრაექტორიიდან მოულოდნელად გადაუხვია.  

ბურთის ჩამოგდება ჩინეთმა დაგმო და გადაჭარბებული რეაქცია უწოდა. ამასთან, მან აშშ საერთაშორისო პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაში დაადანაშაულა. 

"ჩინეთი მტკიცედ დაიცავს შესაბამისი კომპანიის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შემდგომი რეაგირება", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შემთხვევა ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. 

"ეს ინციდენტი გვეუბნება, რომ ურთიერთობის საფუძველს ვერ ვხედავთ. ურთიერთობა არ მიდის პოზიტიური მიმართულებით და შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს", - ამბობს  სინგაპურის საჯარო პოლიტიკის სკოლის მიწვეული უფროსი მკვლევარი, დრიუ ტომპსონი.

ბურთის ინციდენტს დღეს ტაივანის ხელისუფლებაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს "არ უნდა მოითმინოს ცივილიზებულმა საერთაშორისო საზოგადოებამ".

საჰაერო ბურთები 2021 და 2022 წელს ტაივანის თავზეც დაფიქსირდა, მაგრამ უცნობია, იყო თუ არა ეს ბურთები ისეთივე ტიპის, როგორიც შაბათს აშშ-ის გამანადგურებელმა ჩამოაგდო.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს. ტაივანის სუვერენიტეტის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემაა ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობაში.