LIVE

კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლების უფლებების შესაძლო დარღვევაზე 70 საქმის შესწავლა დაიწყო

03 თებ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 378
კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლების უფლებების შესაძლო დარღვევაზე 70 საქმის შესწავლა დაიწყო

სამი თვის განმავლობაში, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევაზე სულ 122 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, საქმის შესწავლა 70 განცხადებაზე დაიწყო. მონაცემებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შესული განაცხადების 82% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 18% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

რეგიონების მიხედვით, 95%-ით თბილისი ლიდერობს.

სააგენტოს თანახმად, ამ პერიოდში მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. 

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა USA2GEORGIA-სთან დაკავშირებული ერთი-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის შემთხვევაშიც. 

ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი, ხოლო 1 შემთხვევაში, არ დადასტურდა.

მიღებული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 32%-ს, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 27%-ს, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა 17%-ს, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 7%-ს, ხოლო სხვა დანარჩენი 17%-ს.

რაც შეეხება სექტორებს, განაცხადების მიხედვით, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 17%-ს, ინფორმაცია და კომუნიკაცია 2%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 9%-ს.